კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დისკრედიტაციული გზავნილები კვლავ ვრცელდება როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე პროსამთავრობო მედიასაშუალებების მხრიდან.
ინფრასტრუქტურის მინისტრი ხადის ხეობაში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ადგილზე, პროსამთავრობო ტელევიზიებთან ერთად იმყოფებოდა. ვიზიტი მოჰყვა „მთის ამბების“ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც პროექტის მშენებლობისას გამოვლენილ მძიმე დარღვევებს ეხებოდა. „მთის ამბების“ განმარტებით, სამინისტრომ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიას მხოლოდ წინა საღამოს მიაწოდა, რის გამოც გამოცემამ ადგილზე მისვლა ვერ შეძლო. ამის მიუხედავად, მინისტრის განცხადებები ისე წარმოჩნდა, თითქოს კრიტიკული მედია პროექტით არ ინტერესდება და მას უსაფუძვლოდ აკრიტიკებს.
პარალელურად, პროსამთავრობო რადიო „აი უცნობმა“ გაავრცელა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო, რომელშიც კრიტიკული მედიების ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრისთვის შეკითხვების დასმას ცდილობენ, ხოლო პრემიერი ამ დროს პიანინოზე უკრავს. ვიდეოს თან ერთვის ტექსტი: „პრემიერ-მინისტრი და ჟჟჟურრნალისტები – ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.
ორივე ეპიზოდი კრიტიკული მედიის მიმართ დისკრედიტაციული რიტორიკის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს. მსგავსი გზავნილები ამცირებს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ლეგიტიმურობას, მათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე დასმულ შეკითხვებს უსაფუძვლო კრიტიკად ან ხელის შეშლად წარმოაჩენს და ხელს უწყობს კრიტიკული მედიის მიმართ მტრული გარემოს გაძლიერებას. საქართველოში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია ხელისუფლების და მათთან აფილირებული აქტორების მხრიდან ტენდენციური ხასიათისაა.