2026 წლის 12 აგვისტოს, სამთავრობო ბრფინგზე პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიები: “ფორმულა” და “TV პირველი” არაერთხელ მოიხსენია პარტიულ ტელევიზიებად. ისინი რუსოფობიური განწყობების გაღვივებაში დაადანაშაულა, “TV პირველის” ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს კი არაერთხელ უწოდა “უცხოელი აგენტი” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტი.
“TV პირველის” ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უთმობს პრემიერი ამდენ დროს რუსოფობიაზე საუბარს, კობახიძემ არაერთხელ გაიმეორა, რომ ამ განწყობებს შეგნებულად აღვივებენ უცხოური აგენტები და შემდეგ ამას კამპანიურად აშუქებს პარტიული ტელევიზია, მათ შორის, “TV პირველი”.
“ამაში ხართ ჩართული თქვენ, პარტიული ტელევიზიების წარმომადგენლები, ეს არის კოორდინირებული კამპანია და ეს ყველაფერი გარედან იმართება”, – უთხრა მან ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და როდესაც მას მიმართავდა, გამუდმებით იმეორებდა ფრაზას “თქვენს პარტიაში”: “[რუსოფობიური] ბანერებით თქვენი პარტაქტივისტები ხომ დადიან პლიაჟზე? აგენტები არიან და თქვენ აშუქებთ ამას, რომ ხალხი აპროტესტებს რუს ტურისტებს საქართველოში” – უთხრა მან ჟურნალისტს.