მაისურზე არსებული წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატ გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, ოდიშვილი გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. შოთა ოდიშვილი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის 23 აგვისტოს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს.
ადვოკატის განცხადებით, ოდიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის წინ, შემაღლებულ ადგილზე იჯდა და ტელეფონში სუდოკუს თამაშობდა. ტაბატაძის თქმით, ოდიშვილი პოლიციელებთან კომუნიკაციაში არ შესულა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა მას პოლიციელების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი.
ადვოკატის განმარტებით, ოდიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით – წვრილმანი ხულიგნობა – მაისურზე არსებული წარწერის გამო, ხოლო 173-ე მუხლით პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა – პოლიციელების სავარაუდო შეურაცხყოფის საფუძველზე შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმი. ტაბატაძის თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ოდიშვილმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.