უკან დაბრუნება
GE/EN
08-10-2026
რუსთავი
საია პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე საუბრობს და  გამოძიების დაწყებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის შესახებ აცხადებს. 

საიას ინფორმაციით, ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე პატიმარ გიორგი დავითაძესთან შესახვედრად რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მას არ მისცეს შეხვედრის დროს გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება, რამდენიმე საათის განმავლობაში დააყოვნეს და დაწესებულების დატოვება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც საკუთარი ჩანაწერები დახია.

ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული შემთხვევა ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას წარმოადგენს და აფერხებს საიას მიერ ბენეფიციარის სამართლებრივი დაცვის განხორციელებას. საია მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მომხადრი შეაფასა, როგორც ადვოკატების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა და საგამოძიებო უწყების მხრიდან მომხდარის გამოძიება მოითხოვა. “კონსტიტუციური გარანტიის თანახმად, დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება გულისხმობს ადვოკატსა და კლიენტს შორის თავისუფალი და კონფიდენციალური კომუნიკაციის უზრუნველყოფას, მათ შორის, იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დაცვის გარანტიას, რომელიც ადვოკატმა კლიენტის ინტერესების დასაცავად მოიპოვა ან შექმნა”, – წერია ასოციაციის განცხადებაში.

გიორგი დავითაძე მსჯავრდებულია, რომელიც რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ადვოკატი დაწესებულებაში სწორედ მის მოსანახულებლად და სამართლებრივი დახმარების გასაწევად იმყოფებოდა.

Share
08-10-2026
1
1
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა→არასათანადო მოპყრობა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (1)
პენიტენციური სისტემა (იზოლატორი, საპატიმრო)
პროტესტის ჩახშობა
რუსთავი