პროსამთავრობო და ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული ტელეკომპანია „POSTV“ სოციალურ ქსელში, დამოუკიდებელი მაუწყებლების „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წამყვანი ჟურნალისტების, ნინო ჟიჟილაშვილისა და ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებს.
კამპანიის ფარგლებში, „POSTV“-ის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა სპეციალურად მომზადებული საინფორმაციო „ქარდები“ რომლებიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების პროფესიულ დისკრედიტაციასა და მათ წინააღმდეგ საზოგადოებრივი აგრესიის წახალისებას.
თავდასხმის საფუძველი გახდა ნინო ჟიჟილაშვილისა და ინგა გრიგოლიას მიერ კოლეგის, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანის, ვახო სანაიას დაკავების შემდეგ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები. სოლიდარობის ნიშნად გაკეთებული კომენტარები და ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის კრიტიკა პროსამთავრობო მედიამ მანიპულაციურად გამოიყენა და სოციალურ ქსელში ჟურნალისტების მიზანმიმართული გაშავების კამპანია წამოიწყო.