საპროტესტო აქციების მონაწილე, სინდისის პატიმარ რეზო კიკნაძის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებიდან აღარ შეუძლია დედასთან დარეკვა, რადგან “ციხემ ეს მას აუკრძალა”. პატიმარი წერს, რომ სავარაუდოდ, ზარების უფლება შეუზღუდეს მას შემდეგ, რაც პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელიც ციხეში მის მიმართ არასათანადო მოპყრობასა და გაუპატიურებაზე საუბრობს, მხარდაჭერა გამოუცხადა.
“ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველ ჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს. მიზეზი არ ვიცი. სავარაუდოდ, ვოისი რომ ჩავწერე დავითაძის მხარდასაჭერად, ეგ უნდა იყოს ამ უმსგავსობის სათავე. დედაჩემის ნომერს რას ერჩოდნენ? სულ გარეკეს, მგონი”, – წერს პატიმარი ციხიდან.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ პატიმარ რეზო კიკნაძეს ზარებზე “არანაირი შეზღუდვა არ აქვს. დაუბრკოლებლად შეუძლია დარეკვა, სადაც უნდა”. მათი თქმით, მსჯავრდებულს შეუძლია გამოითხოვოს და გაასაჯაროოს მისი სატელეფონო საუბრების ამონაწერი, „საიდანაც ნათლად გამოჩნდება, როდის აქვს ბოლოს სატელეფონო ზარი განხორციელებული“.