აქტივისტი, სოციალური საწარმო „ლიმენის“ დამფუძნებელი, ელისო ჯანაშია აცხადებს, რომ 2024 წლის 23 დეკემბერს მასზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ორ ნაწილად გაიყო და ახლა სამართალდამცველები მის მიერ თავდაცვის მიზნით განხორციელებულ მოქმედებებსაც იძიებენ. ჯანაშიას თქმით, გამომძიებელი მას გამოკითხვაზე იბარებს.
2024 წლის დეკემბერში ჯანაშიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტი ნინელი კულონავა სოციალური საწარმოს ოფისში თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის გამოც სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მისი თქმით, თავდამსხმელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა საწარმოს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნების გამო.
ჯანაშიას განცხადებით, თავდასხმაში დადანაშაულებული პირი ამ დრომდე არ დასჯილა. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მოგვიანებით კულონავა ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა.
ჯანაშია მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას საკუთარ საზოგადოებრივ აქტიურობასაც უკავშირებს. მისი თქმით, გამომძიებელი მას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ფოთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ქონებისა და შესაძლო კორუფციული კავშირების შესწავლა დაიწყო.