სამოქალაქო აქტივისტმა, სასამართლოს შეურაცხყოფის ბრალდებით მსჯავრდებულმა ისაკო დევიძემ, ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო.
ინფორმაციას მისი და ავრცელებს. იგი აღწერს, რომ იგივე მოთხოვნით ისაკო დევიძე გასულ კვირაშიც შიმშილობდა. შემდეგ იგი გამოკვლევებზე გადაიყვანეს და ჩატარებული ანალიზებისა და პირველადი დათვალიერების შემდეგ კუჭის ქრონიკული გასტრიტის დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით, პასუხების მიხედვით, სარქველთან დაკავშირებული პრობლემებიც გამოიკვეთა. მისი და წერს, რომ პატიმარს მედიკამენტები დაუნიშნეს. მიუხედავად ამისა, როგორც აქტივისტის და წერს, ბოლო საუბრისას ისაკო კვლავ შეუძლოდ იყო და ისევ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა. რადგან მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იძულებული გახდა შიმშილობა დაეწყო. “დღევანდელი ინფორმაციით, ისაკო კვლავ აგრძელებს შიმშილობას!!!“ – წერს მარი დევიძე.
ისაკო დევიძე პროევროპულ საპროტესტო მოძრაობაში დაწყების დღიდან არის ჩართული. არაერთხელ იყო ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულიც. პატიმრობაში ყოფნისას, სხვადასხვა მიზეზით, აქამდეც არაერთხელ მიუმართავს პროტესტის ამ უკიდურესი ფორმისთვის და გამოუცხადებია შიმშილობა.
ამჯერად ისაკო დევიძე სისხლის სამართლის წესით არის მსჯავრდებული. პროკურატურა მას სასამართლოს შეურაცხყოფას ედავება. 2025 წლის დეკემბერში ისაკო დევიძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზში მოსამართლე ზვიად ცეკვავას კომპიუტერს ხელი დაარტყა და დააზიანა. (ზვიად ცეკვავა მაშინ დევიძის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა. იმ საქმეზე აქტივისტს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს). ისაკო დევიძემ ბრალი აღიარა, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და მას 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. დდევიძე ციხეს 2027 წლის იანვარში დატოვებს.
განახლება: 14 ნოემბრის ინფორმაციით, ადმინისტრაცია პატიმარს ციხის საავადმყოფოში მომავლ კვირაში გადაიყვანს.