ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში სამოქალაქო აქტივისტისა და ბლოგერის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციული მასალები ვრცელდება. „რადიო თავისუფლების“ მიერ 23 ნოემბერს გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ანონიმური Facebook-გვერდები ავრცელებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ვიდეოებსა და პოსტებს, რომლებშიც აქტივისტს ნარკოტიკებით ვაჭრობას აბრალებენ. ბოლო დღეებში ანონიმური Facebook-გვერდები ავრცელებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ვიდეოებსა და პოსტებს, რომლებშიც აქტივისტს ნარკოტიკებით ვაჭრობას აბრალებენ. 23 ნოემბერს ერთ-ერთმა გვერდმა რაზმაძის ტელეფონის ნომერიც გამოაქვეყნა და განაცხადა, თითქოს ამ ნომერზე მარიხუანის შეძენა შეიძლებოდა. ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გავრცელების შესახებ „მითების დეტექტორიც“ წერს.
რაზმაძე გავრცელებულ მასალებს „დისკრედიტაციის კამპანიად“ აფასებს და მათ საკუთარ კრიტიკულ საჯარო აქტიურობას უკავშირებს. მისი თქმით, კამპანია გააქტიურდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო და მოგვიანებით 3,000 ლარით დააჯარიმეს. აქტივისტი ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებზე სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობასაც განიხილავს.
თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციული კამპანიის პარალელურად, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიტო სამხარაძემ სოციალურ ქსელში აქტივისტის მიმართ ფიზიკური ძალადობის მუქარის შემცველი კომენტარიც გაავრცელა. აღნიშნულ საკითხს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იწყება მუქარის ფაქტზე გამოძიება, კობახიძემ განაცხადა, რომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს. თუმცა, როდესაც ჟურნალისტმა დააზუსტა, რომ მუქარის ავტორად დიტო სამხარაძე სახელდებოდა, კობახიძემ მის საპარლამენტო იმუნიტეტზე მიუთითა, დამატებით შეკითხვას კი ქილიკით უპასუხა: „მე საერთოდ არ ვიცი, ვინ ვის ემუქრება“.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციული მასალების გავრცელების პირველი შემთხვევა. სულ რამდენიმე დღის წინ, ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კრიტიკული განცხადების გამო, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ აქტივისტი პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა, მისი განცხადება კი პროსამთავრობო მედიებმა დისკრედიტაციული ქარდების სახით გაავრცელეს.