25-03-2026
თბილისი
სამოქალაქო აქტივისტს ამირან ურუშაძეს გზის გადაკეტვის საფუძვლით 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

25 მარტს, სუმოს რეპორტაჟების კომენტატორსა და სამოქალაქო აქტივისტ ამირან ურუშაძეს გზის გადაკეტვის საფუძვლით 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

ურუშაძის ადვოკატის, მიხეილ ზაქარეიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულება ასახავს, რომ ამირან ურუშაძე რამდენიმე წამით გადადის გზაზე პოლიციელის განცხადების მოსასმენად, რის შემდეგაც კვლავ ტროტუარზე ბრუნდება. 

ადვოკატის განცხადებით: „ის გზაზე გადადის პოლიციელის მოსასმენად და არა გზის გადასაკეტად. მიუხედავად ამისა, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მას 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. რა მოტივაციით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია – გადაწყვეტილება ახლახან ჩამბარდა და მისი გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი.”

2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.

აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. ამავე ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც  ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

Share
25-03-2026
1
კაცი: 1
ადმინისტრაციული სამართლის დაკავება | დაკავება
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი