19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი 5000 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 7 მარტს, პარლამენტის წინ გამართულ პროევროპულ აქციაზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.
მამუკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული უკვე მეორე ჯარიმაა და გადაწყვეტილება მისი პირადი და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე იქნა მიღებული. მისი განცხადებით, სასამართლო სხდომაზე მიუთითებდა, რომ მის მიმართ სანქცია გზაზე მოკლეხნიანი დგომის გამო გამოიყენეს, მაშინ როდესაც, მისი თქმით, წარსულში მის მიმართ ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.