03-03-2026
თბილისი
სამოქალაქო აქტივისტ ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

სამოქალაქო აქტივისტ ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ, რომელიც გზის გადაკეტვის ბრალდებით უკვე ორჯერ იყო ადმინისტრაციულ პატიმრობაში, ახალი ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაია მარგიშვილს სამართალდამცველების შეურაცხყოფას ედავება. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება 500-დან 6 000 ლარამდე ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 60 დღემდე ვადით.

ბაია მარგიშვილის განცხადებით, საქმე ეხება გენერალური ინსპექციის პროკურორ ირაკლი ცირეკიძის, დაზარალებულის კოორდინატორ ანა გამეზარდაშვილის და პროკურორ გიორგი დოლაკიძის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს. ისინი მისი ორი წლის წინ შეტანილი სექსუალური ძალადობის საქმის გამოძიებაში იყვნენ ჩართული. მარგიშვილის თქმით, აღნიშნული საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია, ხოლო ამჯერად მას სწორედ ამ საქმის პროკურორებისა და კოორდინატორის შეურაცხყოფას ედავებიან.

4 მარტს, საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ განიხილა და მარგიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 500 ლარის ოდენობით დააჯარიმა. მარგიშვილის თქმით, ის სასამართლო პროცესებს არ დასწრებია და დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ამასთან, მის წინააღმდეგ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეც განიხილება – სასამართლო მასალების დახევის ფაქტზე, რის გამოც მას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ​​ამ საქმეზე ბაია მარგიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა მას არ ჰყავს კერძო ადვოკატი და არ თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან. მისი განცხადებით, ის გირაოს გადახდას არ აპირებს. მარგიშვილის თქმით, გირაოს გადახდის ვადა 11 მარტს იწურება, რის შემდეგაც არ გამორიცხავს, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვალოს.

Share
03-03-2026
1
ქალი: 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი