სამოქალაქო აქტივისტს, ბაია მარგიშვილის, სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო დაუსწრებლად შეუფარდეს.
ფაქტი, რომელზეც ძიება დაიწყო, 2025 წლის 7 ნოემბერს მოხდა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავა ბაია მარგიშვილის მიერ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეს განიხილავდა.
„თავზე დაგახიეს კონსტიტუცია, რაზე მელაპარაკებით, ასე დაგახიეს თავზე კონსტიტუცია…“ – თქვა ბაია მარგიშვილმა, აიღო სხდომის ოქმი, დახია და ზვიად ცეკვავას წინ მაგიდაზე დაყარა. მომხდარის გამო იგი 200 ლარით დააჯარიმეს და დარბაზიდან გააძევეს.
მიმდინარე წლის 10 თებერვალს მარგიშვილს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ, იგივე ფაქტზე, რაზეც უკვე დაჯარიმებულია, ახალი საქმეა აღძრული. სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილი, რა ბრალიც მარგიშვილს აქვს წაყენებული, გულისხმობს მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.