10-02-2026
თბილისი
საავტომობილო გზის გადაკეტვის ბრალდებით ორი აქტივისტი სასამართლოში დაიბარეს

პროევროპული აქციების მონაწილეები, დათა ქაშიაშვილი და სოფო მარკოზია წერენ, რომ საავტომობილო გზის გადაკეტვის საფუძვლით სასამართლოში დაიბარეს. შსს ორივე მათგანს ედავება სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენას 2026 წლის 7 თებერვალს, “შაბათის მარშის” დროს.

“დღეს მივიღე ზარი სასამართლოდან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიტანა საჩივარი ჩემ წინააღმდეგ და მედავებიან, რომ 7 თებერვალს მე ვკეტავდი გზას. ეს იყო შაბათის მარში – სავსე იყო გზა, სავსე იყო ტროტუარი. შესაბამისად, უბრალოდ, ფიზიკურად შესაძლებლობა არ იყო, რომ თავის დროზე გადავსულიყავით აქციის ყველა მონაწილე გზიდან. ასევე, თუ შსს მოიტანს მთლიან [ვიდეო] მტკიცებულებას, სადაც კარგად ჩანს, რომ როდესაც ტროტუარზე ადგილი გამოჩნდა, მე გადავედი გზიდან. მეტიც, ხალხსაც მოვუწოდებდი, რომ გადასულიყვნენ. პროცესი ჩამენიშნა 18 მარტს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო”, – ამბობს ნეტგაზეთთან დათა ქაშიაშვილი.

“ცოტა ხნის წინ დამირეკა ქოჩქიანის სხდომის მდივანმა და სასამართლო ჩამენიშნა 7 თებერვალს გზის გადაკეტვაზე. უცნაურია, პირველად ვიცი წინასწარ, რომ სასამართლო მექნება და წინა კარიდან შევალ”, – წერს მარკოზია სოციალურ ქსელში.

ორივე მათგანის სასამართლო სხდომა 18 მარტს არის დანიშნული.

საავტომობილო გზის გადაკეტვა, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დასჯადი გახდა. აღნიშნული იკრძალება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით. მოგვიანებით, ამავე მუხლში გაერთიანდა – ტროტუარზე დგომაც, რის გამოც, ასევე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აკისრებენ აქციის მონაწილეებს.  აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის 20 დღემდე ვადით). ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

Share
10-02-2026
2
კაცი: 1 ქალი: 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი