27-03-2026
თბილისი
სამოქალაქო აქტივისტ ლევან ჟვანიას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

სამოქალაქო აქტივისტ ლევან ჟვანიას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას საპროტესტო აქციების დროს გზის სავალ ნაწილზე დგომას ედავებოდა.

ჟვანიას უფლებადამცველის განცხადებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები არ ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კანონს არღვევდა. მისი თქმით, ლევან ჟვანია იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე და მონაწილეობდა შეკრებაში, რის ფარგლებშიც, დაცვის მხარის შეფასებით, მისი ქცევა არ სცდებოდა კანონით დაშვებულ ფარგლებს.

2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმებს. ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე რიგი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ასეთ ქმედებებს შორისაა, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლმდენი ან სხვა მსგავსი ნივთიერებების ქონა, ტრანსპორტის ან ქვეითთა გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა.

აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით. ამავე ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც  ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

Share
27-03-2026
1
კაცი: 1
ადმინისტრაციული სამართლის დაკავება | დაკავება
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი