თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, საავტომობილო გზის გადაკეტვის ბრალდებით, ორი სამოქალაქო აქტივისტი – მარიამ ჩხაიძე და ლალი კეკუა სამართალდამრღვევებად სცნო.
საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა. მარიამ ჩხაიძეს ორდღიანი, ხოლო ლალი კეკუას სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ორივე მათგანს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 7 თებერვალს, “შაბათის მარშზე”, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.
საავტომობილო გზის გადაკეტვა, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დასჯადი გახდა. აღნიშნული იკრძალება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით. მოგვიანებით, ამავე მუხლში გაერთიანდა – ტროტუარზე დგომაც, რის გამოც, ასევე ასამართლებენ აქციის მონაწილეებს. აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის 20 დღემდე ვადით). ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით. იგივე “დანაშაულის” განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.