სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ყიფიანს ტროტუარზე დგომის საფუძვლით 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
შსს-ს წარმომადგენელმა, თეკლა კობახიძემ, სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ყიფიანი პარლამენტის წინ იდგა იმ მიზნით, რომ განზრახ შეექმნა დაბრკოლება ქვეითთა გადაადგილებისთვის. მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული საფეხმავლო ბილიკი და ამ ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს. ამასთან, მან მოითხოვა ყიფიანის სამართალდამრღვევად ცნობა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, სად შეიძლებოდა პროტესტის გამოხატვა, იმ პირობებში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით საავტომობილო გზის გადაკეტვაც ანალოგიურად ისჯება.
სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა 112-ის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლებშიც ჩანს, რომ რამდენიმე მოქალაქე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას ტროტუარიდან ბასლაინზე გადადის. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული პირები არ იყვნენ აქციის მონაწილეები და მათ ბასლაინზე გადასვლა მოუწიათ იმის გამო, რომ ტროტუარი სრულად იყო დაკავებული.
დაცვის მხარემ იკითხა, ჰქონდათ თუ არა აღნიშნულ მოქალაქეებს რაიმე პრეტენზია, რაზეც სამინისტროს წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მათთან კომუნიკაცია არ ყოფილა. კითხვაზე, რა საფუძველზე მიიჩნევდნენ, რომ ისინი არ იყვნენ აქციის მონაწილეები და გადაადგილებაში დაბრკოლდნენ, თეკლა კობახიძემ განაცხადა: „დარწმუნებული ვარ“.