თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მახარაძე, რომელიც 2026 წლის 14 იანვარს, თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე დააკავეს, სამართალდამრღვევად ცნო და 4500 ლარით დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა (173-ე მუხლის პირველი ნაწილი) და სიტყვიერ შეურაცხყოფას (173-ე მუხლის მეორე ნაწილი) ედავებოდა. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს ჯარიმას 2 000-დან 5 000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას, 60 დღემდე ვადით. ამ ორი ნაწილის განმეორებით ჩადენა იწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.
14 იანვარს, თბილისში, ირანის საელჩოსთან, ირანელი ხალხის სოლიდარობის აქცია იმართებოდა. რადიო “თავისუფლების” ცნობით, ნუცა მახარაძის დაკავებამდე, დემონსტრანტები ირანის საელჩოსთან მდებარე შუქნიშანზე მწვანე ფერის ანთების დროს გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლით გამოხატავდნენ პროტესტს. მოგვიანებით, როგორც პოლიციამ განმარტა, „მწყობრიდან გამოვიდა შუქნიშანი“, მახარაძემ კი სწორედ ამ დროს დაიწყო გზის გადაკვეთა.
ნუცა მახარაძის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 16 იანვარს გაიმართა. ამ პროცესზე ის შეუძლოდ გახდა. ნუცა მახარაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში არასათანადო მოპყრობაზეც საუბრობდა.