სამოქალაქო აქტივისტსა და ფსიქოთერაპევტ პაატა (ტატო) ალავერდაშვილს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
საქმე განსხვავდება ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული საქმეების უმრავლესობისგან – ალავერდაშვილს სამართალდარღვევად პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. საქმე ეხება პოლიციელისთვის შუა თითის ჩვენებას. საქმის განხილვასა და გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლომ რამდენიმე სხდომა მოანდომა.
პაატა ალავერდაშვილის განმარტებით, 8 მარტს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს, მან შენიშნა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, რომელიც დემონსტრანტებს იღებდა. იგი მიიჩნია პროვოკატორად, თავადაც დაიწყო გადაღება და მოუწოდებდა პირს, მანქანის მინა ჩამოეწია. მისი თქმით, როდესაც ეს არ მოხდა, მან ჟესტით გამოხატა უკმაყოფილება. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული პირი პოლიციელი იყო.
პაატა ალავერდაშვილი, 9 მარტს გვიან ღამით, აქციიდან დაბრუნებისას მაშინ დააკავეს და მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს, როდესაც იგი დავით ჩხეიძის ოჯახთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა. ჩხეიძის განცხადებით, საპატრულო პოლიციამ მისი ავტომობილი გააჩერა და ალკოტესტი ჩაუტარა, რის პარალელურადაც ალავერდაშვილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ადგილზე დააკავეს პოლიციელის შეურაცხყოფის საფუძვლით, ხოლო თავად ჩხეიძე ნარკოლოგიური შემოწმებისთვის გადაიყვანეს.