19 ნოემბერს პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა და POSTV-მ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების საპასუხოდ სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ მსგავსი შინაარსის დისკრედიტაციული მასალები გაავრცელეს. მასალებში ისინი ტრაგედიით პოლიტიკური სპეკულაციისა და ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაში არიან დადანაშაულებული.
ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ქარდები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის შესახებ. ქურდოვანიძემ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების მიზეზებისა და პასუხისმგებელი პირების დადგენის აუცილებლობაზე მიუთითა და ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში უსაფრთხოების საბაზისო პირობების დაცვის პრობლემასა და „თბილისი ენერჯის“ ვალდებულებებზე. პროსამთავრობო მედიებმა მისი განცხადება ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობად წარმოაჩინეს.
მსგავსი შინაარსის ქარდები გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას წინააღმდეგაც. „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა პატარაიას განცხადებას – „ევროპაში მსგავსი რამ არ ხდება“ – ევროპის ქვეყნებში 2026 წელს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების ჩამონათვალი დაუპირისპირეს. „იმედმა“ მასალები სათაურით „მდიდარი NGO-ს ლიდერის ბინძური მანიპულაცია“ გაავრცელა.
ამავე პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის Facebook-პოსტს გამოეხმაურა და იგი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. რაზმაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ საკითხებზე დუმილი ადამიანებს პრობლემებისგან ვერ დაიცავს. ანანიძემ მისი განცხადება პოლიტიკურ სპეკულაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ „საზოგადოება კარგად ხედავს, სად გადის ზღვარი გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის“. ეს შეფასება „იმედმა“, POSTV-მდა „რუსთავი 2“-მა დისკრედიტაციული ქარდების სახით გაავრცელეს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, „რუსთავი 2“-მა აღნიშნული შინაარსის პოსტების ხილვადობის გასაზრდელად ფასიანი რეკლამაც გამოიყენა. 20 ნოემბრის მონაცემებით, Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკაში ოთხი აქტიური რეკლამა იძებნებოდა. პოსტების რეკლამირება მიმდინარეობდა იმ პერიოდშიც, როდესაც ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
აღნიშნული მასალები საერთო დისკრედიტაციულ ნარატივს ქმნის, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სახელმწიფო პასუხისმგებლობის შესახებ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები ტრაგედიით მანიპულირებისა და პოლიტიკური სარგებლის მიღების მცდელობად არის წარმოჩენილი.