9 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გიორგი მინდაძის მიმართ გამოტანილი 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთის განაჩენი. გადაწყვეტილება მოსამართლე თეა ლეონიძემ მიიღო.
გამოძიების მიხედვით, გიორგი მინდაძეს ბრალი ედებოდა 29 ნოემბერს გამართულ პროევროპულ აქციაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლის მიმართულებით პიროტექნიკის სროლაში, რის შედეგადაც, ბრალდების ვერსიით, სამართალდამცველმა ფეხის არეში დამწვრობა მიიღო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის აღძრული, რაც სამართალდამცველზე თავდასხმას გულისხმობს.
მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა, 2025 წლის 3 ივლისს მიუსაჯა.დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს სოციალური ქსელიდან აღებული შვიდწამიანი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს პირი, რომელიც ფეიერვერკს ისვრის, თუმცა კადრი უწყვეტი არ არის და პირის იდენტიფიცირება რთულია. ასევე, დაცვის მხარე მიუთითებს დაზარალებულის ჩვენებაში არსებულ შეუსაბამობებზე: მისი თქმით, დაზიანება 29 ნოემბერს მიიღო, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარება 1 დეკემბერს გამოიძახა, რაც ადვოკატის შეფასებით აჩენს კითხვას, უკავშირდება თუ არა აღნიშნული დაზიანება სწორედ 29 ნოემბრის მოვლენებს.