თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეებს, ია მღებრიშვილსა და ინგა ბუაძეს, 2-2 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ინგა ბუაძემ „TV პირველს“ განუცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 7 თებერვალს საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა. „მარშის მერე დავრჩი გზაზე, პროტესტი გამიჩნდა, რადგან კანონში შეიტანეს ცვლილება და ტროტუარზე დგომისთვის ჩემს მეგობრებს აჯარიმებდნენ და აკავებდნენ“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება ია მღებრიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 დეკემბერს ტროტუარზე გამვლელთათვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. მისმა ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, რომ პროცესი რეპლიკების ეტაპზე იყო გადადებული და საქმის არსებითი განხილვა დასრულებული არ ყოფილა, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება ისე გამოაცხადა, რომ ადვოკატმა სასამართლო დარბაზში შესვლაც ვერ მოასწრო.
იმავე დღეს, 9 აპრილის პროტესტთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გიო ჩაჩანიძეს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე პარლამენტის წინ, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას უკავშირდება.