10 მარტს, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტები ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი კარცერში გადაიყვანეს, სადაც, მათი თქმით, არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან.
ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის, ჯანო ჭკადუას განცხადებით, მენთეშაშვილი კარცერში იმყოფება მძიმე პირობებში: არ აქვს პირველადი მოხმარების საგნები, მათ შორის პირსახოცი, კბილის ჯაგრისი და ჰიგიენური საშუალებები, ასევე არ აქვს შესაძლებლობა, დაასუფთაოს საკანი. ადვოკატის თქმით, საკანში არის სიბინძურე და ტარაკნები. მისი განცხადებით, მენთეშაშვილი ვარაუდობს, რომ კარცერში გადაყვანა შესაძლოა უკავშირდებოდეს მის მიერ გამოცხადებულ შიმშილობას, რადგან ადმინისტრაციამ რამდენჯერმე სთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.
დენის კულანინის განცხადებით, 3 მარტს იგი და ზურაბ მენთეშაშვილი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს კარცერში. მისი თქმით, მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის სასამართლო პროცესებისთვის საჭირო დოკუმენტები და პირადი წერილები, ასევე აუკრძალეს ტელეფონის გამოყენება, სეირნობა და ბანაობა. კულანინი აღნიშნავს, რომ საკანში არის ტარაკნები, არ მუშაობს ვენტილაცია და მათ არ აქვთ პირველადი მოხმარების საგნები. მისი თქმით, მათ ასევე არ ეძლევათ შესაძლებლობა შეიძინონ ჰიგიენური საშუალებები და სხვა საჭირო ნივთები. 6 მარტით დათარიღებულ წერილში კულანინი წერს, რომ ის და ზურაბ მენთეშაშვილი კარცერში გადაყვანის შემდეგ შიმშილობენ და ითხოვენ სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) მათთან მისვლას. მისი თქმით, ისინი კარცერში ყოფნის მიზეზის განმარტებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ იზოლირებულნი არიან როგორც ადვოკატებისგან, ისე საზოგადოებისგან.
პენიტენციურმა სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი კარცერში არ იმყოფებიან და ისინი განთავსებული არიან ე.წ. საკარანტინე (შიდა კლასიფიკაციის) საკნებში. უწყების განმარტებით, აღნიშნული განთავსება განხორციელდა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების შიდა წესების შესაბამისად. პენიტენციურმა სამსახურმა ასევე გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც, მათი თქმით, ასახავს მოშიმშილე ბრალდებულების მიერ საკვების მიღების კადრებს და რომელიც საზოგადოების ინფორმირების მიზნით გასაჯაროვდა.
დენის კულანინი შსს-ს ავტომობილის დაზიანების საქმეზე არის მსჯავრდებული. იგი საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც 2025 წლის 28 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის დაზიანების ბრალდებით დააკავეს, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ზურაბ მენთეშაშვილი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული საავტომობილი გზის ორჯერ გადაკეტვის ბრალდებით. აღნიშნული ბრალდება ეფუძნება 2025 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის დროს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის ან გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნის განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.