პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც 23 ივნისის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება და სასჯელს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, სასჯელის მოხდის პირობები დაუმძიმდა, მას ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შეუცვალეს. ნახევრად ღია რეჟიმი პატიმარს სასჯელის კოლონიურ ღია სივრცეში მოხდის შესაძლებლობას აძლევს, მაშინ როდესაც დახურული რეჟიმი სრულ იზოლაციას, მათ შორის პაემნების მნიშვნელოვნად შემცირებას გულისხმობს. რატიიანის განცხადებით, იგი ისედაც დაკავების დღიდან ფაქტობრივად დახურულ პირობებში იმყოფება და უკვე ექვსი თვეა სამარტოო საკანშია განთავსებული.
რატიიანი წერს, რომ 6 აპრილს პენიტენციურმა დაწესბეულებამ აცნობა, თითქოს ის „საშიშროების მომეტებული რისკის“ მქონე მსჯავრდებულია, რის საფუძველზეც რეჟიმი შეეცვალა. მისი განმარტებით, რეალურად უკვე თვეებია, პრაქტიკულად დახურულ პირობებში, მათ შორის სამარტოო საკანში იმყოფება.
„როგორც ჩანს, მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემანების კიდევ უფრო შემცირება იყო… მაგრამ „საშიშროების მომეტებული რისკი“ რა არის ჩემს შემთხვევაში ეს არის მთავარი კითხვა“, – წერს რატიანი. მისივე განცხადებით, მას არ ჰქონია კონფლიქტი არც პატიმრებთან და არც დაწესებულების თანამშრომლებთან. გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელებული „რისკის შეფასებას“ კი „საიდუმლო სხდომის ოქმს“ ეფუძნება. ზვიად რატიანმა ღია წერილით მიმართა იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას და პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას, სადაც ითხოვს განმარტებას, რა საფუძვლით იქნა მიჩნეული „მომეტებული რისკის“ მქონე პირად.
ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. 9 ოქტომბერს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.