დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის “იმედსა” და “POSTV-ის” სანქციები დაუწესა

24.03.2026

2026 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა პრო-სამთავრობო ტელეკომპანიებს “იმედსა” და “POSTV-ის”, უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების გამო. სანქციების შესახებ იმ ფართო პაკეტიდან გახდა ცნობილი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებამ გაავრცელა

დიდმა ბრიტანეთმა პრო-სამთავრობო არხებთან ერთად სანქციები დაუწესა 

ათეულობით რუსულ კომპანიასა და 50 ნავთობტანკერს რუსეთიდან მესამე ქვეყანაში რუსული წარმოების ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადაზიდვის გამო.

სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიები “იმედი” და “POSTV” ავრცელებენ დეზინფორმაციას იმის შესახებ თითქოს, „უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის “მარიონეტია”, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.“

აღსანიშნავია, რომ სანქციებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 30 იანვარს, ტელეკომპანია “იმედის” სრული წილი სიმბოლურ ფასად 1,000 ლარად გაასხვისა ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ. 

ახლა, “იმედის” წილები ამავე ტელეკომპანიის მენეჯმენტსა და შპს “პრაიმ მედია გლობალზეა” გადანაწილებული. შპს “პრაიმ მედია გლობალი” ბიზნესმენ ილია მიქელაშვილს ეკუთვნის, რომელიც მედიის ცნობით, კახი კალაძის შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა. 

სანქციების დაწესების მეორე დღეს,„იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობა დატოვეს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ და საბჭოს სამი წევრმა: დავით შონიამ, გიორგი კალანდარიშვილიმა და გიორგი ბახტაძემ.

ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში იყო, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი.

რაც შეეხება “POSTV”, ტელევიზიის წილებს ფლობენ პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანების”ხალხის ძალის” წევრია და შალვა რამიშვილი, რომელიც ამავე დროს “POSTV-ის” წამყვანია.  “POSTV-ის” მესამე მფლობელი თემურ ჭარელაშვილია.

შალვა რამიშვილი ხშირად ავრცელებდა “POSTV-ის” ეთერიდან უკრაინის წინააღმდეგ განცხადებებს, მაგალითად მას ეკუთვნის ფრაზები: „უკრაინის მარცხი ჩვენი გამარჯვებაა“, კიევი არის „Мать городов русских”.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, “იმედის” საბანკო ანგარიშები დაიბლოკა. დროებით ხარვეზი გაჩნდა ტელეკომპანია “იმედის” ვებ-გვერდზეც.

„განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის“ გავრცელების გამო დიდი ბრიტანეთის მიერ “POSTV-ზე” დაწესებული სანქციები ქართული ტელევიზიების ისტორიაში პირველი შემთხვევაა. 

Share