2024 წლის 26 ოქტომბრიდან, საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველოში დაწყებული პროევროპული პროტესტის შემდეგ, ჟურნალისტები არაერთხელ გახდნენ თავდასხმებისა და უკანონო შეზღუდვების მსხვერპლნი. დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს უსამართლოდ აკისრებდნენ სანქციებს, მათ შორის ჯარიმებს პროტესტების გაშუქებისას „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით.
“გზის ხელოვნურად გადაკეტვა” ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის შესაბამისად ითვლება შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევად. ჟურნალისტები, რომელთა წინააღმდეგაც ამ საფუძველზე დაიწყო სამართალწარმოება, აქციებზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მაშინ, როცა პროტესტის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გადადიან და გზის სავალ ნაწილს კეტავენ, ჟურნალისტები იმყოფებიან ადგილზე პირდაპირ ჩართვებში მონაწილეობენ, იღებენ ინტერვიუებს, ფოტოებს, ვიდეომასალას და სხვა.
2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე, ჯამში, ჟურნალისტების მიმართ ჯარიმის 38 ოქმი გამოიწერა. მათგან:
- 36 ოქმი გამოიწერა “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” ბრალდებით, 2 შემთხვევაში კი ჟურნალისტებს ედავებოდნენ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას;
- სულ დაჯარიმდა მედიის 29 წარმომადგენელი. მათგან, ზოგიერთი, არაერთხელ.
- გასაჩივრების შედეგად გაუქმდა 10 საჯარიმო ოქმი;
- 19 შემთხვევა ჯერ ისევ განხილვაშია;
- 4-მა ჟურნალისტმა გადაიხადა;
- 1 საქმე გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში;
- 1 საქმე კი გასაჩივრდა უკვე სტრასბურგის სასამართლოში.
1. OC Media-ს დამფუძნებელი და ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხჯერ დააჯარიმა „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით – 11 მარტს, 15 მარტს, 2 აპრილს და 3 აპრილს. ჯამში ჟურნალისტს 20 000 ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული. მარიამ ნიკურაძემ ყველა ჯარიმა გაასაჩივრა. გასაჩივრებიდან ათი თვის შემდეგ, მისი არცერთი საჩივარი განხილული არ არის. დაჯარიმების მომენტში მარიამ ნიკურაძე ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას – აშუქებდა აქციას, ეკეთა პრესის ნიშანი და თან ჰქონდა პროფესიონალური ფოტოკამერა.
2. ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ანამარია გელიტაშვილი ორჯერ დაჯარიმდა, ჯამში 10 000 ლარით. ჟურნალისტს შსს ედავება 2025 წლის 6 მაისის და 27 მარტის საპროტესტო აქციების დროს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას”. ანამარია გელიტაშვილის თქმით, ორივე შემთხვევაში ის ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას და ამის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს. გასაჩივრების შემდგომ, ჟურნალისტს ერთი ჯარიმა გაუუქმეს. მეორე შესახებ კი მისთვის არ შეუტყობინებიათ.
3. JamNews-ის ქოფირაითერი ირაკლი დათუნაშვილი ორჯერ დაჯარიმდა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 2025 წლის 28 თებერვალსა და 6 მარტს გამართულ აქციებზე. მისი ჯარიმების ოდენობა ჯამში 10 000 ლარია. მან ჯარიმები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა, საქმის წარმოება ჯერ დასრულებული არ არის.
4. ონლაინ მედია “პუბლიკას” ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია ორჯერ არის დაჯარიმებული – 3 თებერვალს და 14 მარტს. მისი ჯარიმების ოდენობა ჯამში 10 000 ლარია. 3 თებერვლის ჯარიმის საქმის განხილვისას მარიამ ქავშბაიამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, მათ შორის, იმ დღეს გადაღებული ფოტოები და “პუბლიკის” ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული მასალები. გარდა ამისა, ჟურნალისტმა CMIS-ის უთხრა, რომ თავად სამინისტროს მიერ, წარდგენილ ვიდეომასალაშიც ჩანს, რომ ის დაჯარიმების მომენტში მუშაობდა. ამის მიუხედავად, სასამართლომ ჯარიმა ძალაში დატოვა და მას 5 000 ლარის გადახდა დააკისრა. ჟურნალისტმა ჯარიმა გადაიხადა. რაც შეეხება მეორე ჯარიმას, ამ საქმეზე სასამართლო განხილვები ჯერ არ დაწყებულა.
5. გაზეთ “ქრონიკა+”-ის ჟურნალისტი ირინა მაკარიძე 6 აპრილს არის დაჯარიმებული 5 000 ლარით, იგივე საფუძვლით, რითაც სხვა რეპორტიორები. ამ დღეს ის პროფესიულ მოვალეობას ასრულდებდა. მას ჯარიმის შესახებ 25 აპრილს აცნობეს. გასაჩივრების შემდეგ, ირინა მაკარიძეს ჯარიმა გააუქმეს.
6. “ტაბულას” ჟურნალისტი ლუკა კაციტაძე 2025 წლის 12 აპრილს, 5 000 ლარით დააჯარიმეს. გამოცემა “ტაბულას” ინფორმაციით, ლუკა კაციტაძე რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
7. ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ელისო ჯარიაშვილს 2025 წლის 10 აპრილს აცნობეს, რომ 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავება, რომ 2025 წლის 12 მარტს, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, გზა ხელოვნურად გადაკეტა. ელისო ჯარიაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერვე გამოგზავნილ მასალებში ჩანს, რომ დაჯარიმების მომენტში ჟურნალისტი ოპერატორებთან და კოლეგა ჟურნალისტთან ერთად, ინტერვიუს წერს რუსთაველის გამზირზე. ჯარიაშვილმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა საქმე ამ დრომდე განხილული არ არის.
8. ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი 2025 წლის 7 თებერვალს დააჯარიმეს 5 000 ლარით. ფოტოგრაფმა ჯარიმა გაასაჩივრა. 10 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ ფოტოგრაფი სამართალდამრღვევად მიიჩნია და მისი ჯარიმა ძალაში დატოვა. ფოტოგრაფი აქციაზე სამუშაო მოვალეობას ასრულებდა და ჯარიმას უსამართლოდ მიიჩნევს. პირველი სასამართლოს გადაწყვეტილება მან სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
9. ონლაინ მედია “მაუწყებლის” ჟურნალისტი თოზუ გულმამედლი ჯამში 10 000 ლარით არის დაჯარიმებული. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება 2025 წლის 16 თებერვლისა და 30 აგვისტოს აქციებზე. გასაჩივრების შემდეგ, შსსმ ერთი ჯარიმა გაუუქმა, ხოლო მეორე შემთხვევაში, მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ჟურნალისტმა საზოგადოების დახმარებით თანხა შეაგროვა და ჯარიმა გადაიხადა.
10. “მედია აპრილის” მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 29 მარტის აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ხატია ღოღობერიძისთვის ჩაბარებულ ოფიციალურ შეტყობინებაში არ არის მითითებული, რომ ის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა – იგი იდენტიფიცირებულია როგორც აქციის მონაწილე. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა. მისი საჩვარი ჯერ არ განხილულა.
11. „ამერიკის ხმის“ საქართველოს კორესპონდენტი ნინო დალაქიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს “გზის გადაკეტვის” ბრალდებით. ჟურნალისტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში მუშაობდა. პოლიციის შეტყობინება მან 2025 წლის 25 მარტს მიიღო. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა საქმე ამ დრომდე განხილული არ არის.
12. “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ნინო ბაიდაური, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 21 მარტს რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვისთვის“. ჟურნალისტი დაჯარიმების მომენტში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რის გამოც, ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა არც მისი საქმის განხილვა დასრულებულა.
13. “რადიო თბილისის” ჟურნალისტი მერაბ მერკვილაძე ორჯერ, 10 000 ლარით დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 და 19 მარტს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა. საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.
14. ტელეკომპანია “პირველის” ფოტოჟურნალისტი გიორგი მოსიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორჯერ დააჯარიმა, ჯამში 10 000 ლარით. პოლიცია ფოტოჟურნალისტს ედავება 21 თებერვალს და 11 მარტს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ ჯარიმის დაკისრების დროს, იგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას.
15. ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს. მას ედავებიან „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 2025 წლის 13 მარტს. დაჯარიმების მომენტში იგი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და პირდაპირ ჩართვაზე მუშაობდა. კერძოდ, “ფორმულას” მაყურებელს აწვდიდა ინფორმაციას აქციაზე დაჯარიმებული მოქალაქეების შესახებ. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა გაუუქმეს თუ არა სანქცია, მისთვის ამ დრომდე უცნობია.
16. ტელეკომპანია “ფორმულას” კიდევ ერთ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ირაკლი ტაბლიაშვილს 2025 წლის 24 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებიან. ის 5 000 ლარით დააჯარიმეს. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა საქმის განხილვისა, თუ შედეგების შესახებ მისთვის არ უცნობებიათ.
17. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონლაინმედია “პროექტი 64”-ის წარმომადგენელი ბექა ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 11 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით. ბერიძემ ჯარიმა შსს-შივე გაასაჩივრა, თუმცა სამინისტრომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ამჟამად სასამართლოშია გასაჩივრებული.
18. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს 2025 წლის 21 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“. ჟურნალისტი პარლამენტის შენობის მიმდებარედ აქციას აშუქებდა. გასაჩივრების შემდეგ მას ჯარიმა გაუუქმეს.
19. “პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი დაჯარიმდა 2025 წლის 14 თებერვლის საპროტესტო აქციის დროს. ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა ადასტურებს, რომ ის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა და ეკეთა პრესის ნიშანიც. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის საჩივარი არ დააკმაყოფილა. რის შემდეგაც, ბასტი მგალობლიშვილმა სასამართლოს მიმართა. თუმცა, საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.
20. “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო წვერავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის 17 თებერვალს დააჯარიმა 5 000 ლარით. ჟურნალისტმა სამინისტროს წარუდგინა პროფესიული მოვალეობის შესრულების მტკიცებულებები, რის შემდეგაც ჯარიმა გაუქმდა.
21. “სტუდია მონიტორის” კიდევ ერთი ჟურნალისტი ნინო შუბითიძე დააჯარიმეს 17 თებერვალს 5 000 ლარით. გასაჩივრების შემდეგ, ჟურნალისტის ჯარიმა გაუქმდა.
22. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს ედავებოდნენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 2025 წლის 17 თებერვლის აქციის გაშუქებისთვის. 21 თებერვალს მას აცნობეს 5 000 ლარის ჯარიმის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ჯარიმა გაუქმდა.
23. “ტაბულას” ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი 2025 წლის 14 თებერვალს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით დააჯარიმეს. “ტაბულას” ინფორმაციით, მას ეკეთა პრესის ნიშანი. მოგვიანებით ჯარიმა გაუუქმეს.
24. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ნათია გოგსაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის 2 თებერვალს გამართულ პროევროპულ აქციაზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით 5 000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტმა ჯარიმა ჯერ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, მას მერე რაც ჯარიმა არ გაუუქმეს, სააპელაციო სასამართლოს მიმართა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. ნათია გოგსაძემ ამჯერად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იჩივლა.
25. “მედია აპრილის” ფოტოჟურნალისტ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, „დადგენილია ფაქტი“, რომ ვახო ქარელი 26 იანვარს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. როდესაც ფოტოჟურნალისტმა აღნიშნა, რომ იქ ჟურნალისტური საქმიანობის გამო შეიძლებოდა ყოფილიყო, სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა: „ეს თქვენ უნდა დაამტკიცოთ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით, რის საფუძველზეც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.“ საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.
26. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ ეკა ქევანიშვილს პოლიცია ედავებოდა, რომ 2025 წლის 22 იანვარს რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტა. ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად აქციაზე ვიდეოს იღებდა. გასაჩივრების შემდეგ, ჯარიმა გაუქმდა.
27. Euronews-ის ქართული ბიუროს ჟურნალისტი დავით კეკენაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 3 იანვარს გამართული პროევროპული აქციის დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით. რეპორტიორს გადაწყვეტილება ზემდგომ ორგანოში აღარ გაუსაჩივრებია და ჯარიმა გადაიხადა.
ორი განსხვავებული შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტების მიმართ ასევე გამოიყენეს ფინანსური სანქცია, სხვა მოტივით:
28. “ტაბულას” ჟურნალისტ ნიკოლოზ ჩირაკაძეს სამართალდამცველებმა აცნობეს, რომ 2025 წლის 17 იანვარს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე „საგზაო წესები დაარღვია“ და სამართლებრივი პროცედურები დაიწყებოდა. “ტაბულას” ინფორმაციით, ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, რის შემდეგაც ის გაუუქმეს.
29. ფოთის ტელევიზია „მეცხრე ტალღის“ დირექტორი და რეგიონული მაუწყებლების ალიანსის თანათავმჯდომარე გერმანე სალია ზუგდიდში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობისას 1 000 ლარით დააჯარიმეს. მისი თქმით, ის მსვლელობას აშუქებდა. აქციიდან სამი დღის შემდეგ, ფოთიდან ზუგდიდში გადაადგილებისას, საპატრულო პოლიციამ გააჩერა და აცნობა, რომ მისი ავტომობილი 2024 წლის 13 დეკემბრის აქციასთან დაკავშირებით ძებნის სპეციალურ სიაში იყო. მიუხედავად განმარტებისა, ჯარიმა მაინც დაეკისრა. ჟურნალისტმა ჯარიმა გადაიხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.