ქართველი ჟურნალისტები დააჯარიმეს “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის”

16.06.2025

2024 წლის 26 ოქტომბრიდან, საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველოში გამართული პროევროპული პროტესტების შემდეგ, ჟურნალისტები არაერთხელ გამხდარან თავდასხმებისა და უკანონო შეზღუდვების მსხვერპლნი. დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს უსამართლოდ აკისრებდნენ სანქციებს, მათ შორის ჯარიმებს პროტესტების გაშუქებისას „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით, ხშირად ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე.

“გზის ხელოვნურად გადაკეტვა” ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის შესაბამისად ითვლება შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევად. ჟურნალისტები, რომელთა წინააღმდეგაც ამ საფუძველზე დაიწყო სამართალწარმოება, აქციებზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მაშინ, როცა პროტესტის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გადადიან და გზის სავალ ნაწილს კეტავენ, ჟურნალისტები იმყოფებიან ადგილზე პირდაპირ ჩართვებში მონაწილეობენ, იღებენ ინტერვიუებს, ფოტოებს, ვიდეომასალას და სხვა.

2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე დაფიქსირდა 37 შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები დაჯარიმდნენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“. აქედან 35 ჯარიმა 2025 წელს არის გამოწერილი.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ OC Media-ის დამფუძნებელი და ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე ოთხჯერ დააჯარიმა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ – 11 მარტს, 15 მარტს, 2 აპრილს და 3 აპრილს. ჯამში ჟურნალისტს 20 000 ლარის ოდენობის ჯარიმა აქვს დაკისრებული. მარიამ ნიკურაძემ ყველა ჯარიმა გაასაჩივრა. ერთ-ერთ საქმეზე – 11 მარტს გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა ჯარიმის გაუქმებაზე. დანარჩენი საქმეები კვლავ განხილვის პროცესშია. ჟურნალისტის თქმით, ყველა აღნიშნულ შემთხვევაში ის ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, ეკეთა პრესის ნიშანი და თან ჰქონდა კამერა.
  • ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ანამარია გელიტაშვილი ორჯერ დაჯარიმდა ჯამში 10 000 ლარით, რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს. მას ედავებიან გზის გადაკეტვას 2025 წლის 6 მაისისა და 27 მარტის საპროტესტო აქციების დროს. ანამარია გელიტაშვილის თქმით, ორივე შემთხვევაში ის ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას და ამის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებებიც არსებობს.
  • JamNews-ის ქოფირაითერი ირაკლი დათუნაშვილი ორჯერ დაჯარიმდა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 2025 წლის 28 თებერვალსა და 6 მარტს გამართულ აქციებზე. მან ჯარიმები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა, თუმცა საქმეები ამ დრომდე არ დასრულებულა.
  • 2025 წლის 23 მაისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ “პუბლიკის” ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია 5 000 ლარით დააჯარიმა. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციამ 2025 წლის 3 თებერვალს შეადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს ედავებოდა, რომ 3 თებერვალს, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, „გზა ხელოვნურად გადაკეტა“. მარიამ ქავშბაიამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები. მათ შორის იმ დღეს გადაღებული ფოტოები და “პუბლიკის” ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული მასალები. გარდა ამისა, თავად სამინისტროს მიერ წარდგენილ ვიდეომასალაშიც ჩანს, რომ ის აქციას აშუქებდა. ამის მიუხედავად, სასამართლომ ჯარიმა ძალაში დატოვა და მას 5 000 ლარის გადახდა დააკისრა.
  • 2025 წლის 25 აპრილს ჟურნალისტ ირინა მაკარიძეს ეცნობა, რომ მას 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა 2025 წლის 6 აპრილს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით. ჟურნალისტის თქმით, იმ დღეს ის რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა და “ქრონიკა+”-ისთვის პროტესტს აშუქებდა.
  • 2025 წლის 12 აპრილს “ტაბულას” ჟურნალისტი ლუკა კაციტაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“. გამოცემა “ტაბულას” ინფორმაციით, 12 აპრილს ლუკა კაციტაძე რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.
  • 2025 წლის 10 აპრილს “ფორმულას” ჟურნალისტ ელისო ჯარიშვილს აცნობეს, რომ მას 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავება, რომ 2025 წლის 12 მარტს, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, გზა გადაკეტა.
  • 10 აპრილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი 5 000 ლარით დააჯარიმა. მას ედავებიან, რომ 2025 წლის 7 თებერვალს რუსთაველის გამზირზე „გზა ხელოვნურად გადაკეტა“. ფოტოგრაფმა სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ თითქმის ყველა აქციასა და პროტესტს აშუქებდა და ჯარიმას უსამართლოდ მიიჩნევს.
  • 2025 წლის 8 აპრილს “მაუწყებლის” ჟურნალისტ ტოზუ გულმამედოვას ეცნობა ჯარიმის დაკისრების შესახებ. მას ედავებიან, რომ 2025 წლის 16 თებერვალს „გზა ხელოვნურად გადაკეტა“. ონლაინ მედია “მაუწყებლის” ინფორმაციით, იმ დღეს ტოზუ გულმამედოვა აქციას პროფესიული მოვალეობის ფარგლებში აშუქებდა.
  • “მედია აპრილის” მთავარი რედაქტორი ხათია ღოღობერიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 000 ლარით დააჯარიმა პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით. სამინისტრო ჟურნალისტს 2025 წლის 29 მარტს გზის გადაკეტვას ედავება. „ხათია ღოღობერიძისთვის ჩაბარებულ ოფიციალურ შეტყობინებაში არ არის მითითებული, რომ ის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა — იგი იდენტიფიცირებულია როგორც აქციის მონაწილე. ჟურნალისტი აპირებს ჯარიმის გასაჩივრებას სასამართლოში,“ – წერს “მედია აპრილი”.
  • „ამერიკის ხმის“ საქართველოს კორესპონდენტი ნინო დალაქიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვის ბრალდებით. მას ედავებიან „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ იმ დროს, როდესაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში მუშაობდა. პოლიციის შეტყობინება მან 2025 წლის 25 მარტს მიიღო.
  • “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ნინო ბაიდაური შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 21 მარტს რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით.
  • “რადიო თბილისის” ჟურნალისტმა მერაბ მერკვილაძემ მიიღო შეტყობინება 5 000 ლარის ჯარიმის შესახებ, რომელიც 2025 წლის 19 მარტს რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ უკავშირდება.
  • ტელეკომპანია “პირველის” ფოტოჟურნალისტი გიორგი მოსიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 000 ლარით დააჯარიმა. პოლიცია მას ედავება, რომ 11 მარტს, საღამოს 21:03 საათზე, რუსთაველის გამზირზე „უკანონოდ გადაკეტა გზა“. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ ჯარიმის დაკისრების დროს ის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა. ეს მისი მეორე ჯარიმაა. პირველი 2025 წლის 21 თებერვალს დაეკისრა. ჯამში მან 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმა მიიღო.
  • “ფორმულას” ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს. მას ედავებიან „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 2025 წლის 13 მარტს. “ფორმულას” ინფორმაციით, იმ დღეს ნანო ჩაკვეტაძე რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.
  • “ფორმულას” ჟურნალისტსა და ტელეწამყვან ირაკლი ტაბლიაშვილს 2025 წლის 24 თებერვალს გამართული აქციის დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით დააკისრეს ჯარიმა. როგორც ის თავის ვიდეობლოგში განმარტავს, ჯარიმა მას მაშინ ჩააბარეს, როდესაც მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად აგარაკიდან თბილისში ბრუნდებოდა.
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონლაინმედია “პროექტი 64”-ის წარმომადგენელი ბექა ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 11 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით. ბერიძემ ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა სამინისტრომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ამჟამად სასამართლოშია გასაჩივრებული.
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 21 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით. ჟურნალისტი პარლამენტის შენობის მიმდებარედ აქციას აშუქებდა, ეკეთა პრესჟილეტი და ჰქონდა შესაბამისი აკრედიტაცია. მოგვიანებით ჯარიმა გაუქმდა.
  • “პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი დაჯარიმდა 2025 წლის 14 თებერვლის საპროტესტო აქციის დროს გზის გადაკეტვის ბრალდებით. ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა ადასტურებს, რომ ის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა და ეკეთა პრესბეიჯი. 6 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა, მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებებისა.
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო წვერავა 2025 წლის 17 თებერვალს 5 000 ლარით დააჯარიმა გზის გადაკეტვის ბრალდებით. ჟურნალისტმა სამინისტროს წარუდგინა მტკიცებულებები, რის შემდეგაც ჯარიმა გაუქმდა.
  • იმავე დღეს, 17 თებერვალს, “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტ ნინო შუბითიძესაც დაეკისრა 5 000 ლარის ჯარიმა „ხელოვნურად გზის გადაკეტვისთვის“, თუმცა მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ მისი ჯარიმაც გაუქმდა.
  • “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ გიორგი დიასამიძესაც ედავებოდნენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 2025 წლის 17 თებერვლის აქციის გაშუქებისას. 21 თებერვალს მას აცნობეს 5 000 ლარის ჯარიმის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ისიც გაუქმდა.
  • “ტაბულას” ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი 2025 წლის 14 თებერვალს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით დააჯარიმეს. “ტაბულას” ინფორმაციით, მას ეკეთა პრესის ბარათი.
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ნათია გოგსაძე 2025 წლის 2 თებერვალს გამართულ პროევროპულ აქციაზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით დააჯარიმა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტს ჯარიმის შესახებ ტელეფონით აცნობეს, თუმცა თანხა არ დაუსახელებიათ.
  • “ტაბულას” ჟურნალისტ ნიკოლოზ ჩირაკაძეს სამართალდამცველებმა აცნობეს, რომ 2025 წლის 17 იანვარს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე „საგზაო წესები დაარღვია“ და სამართლებრივი პროცედურები დაიწყებოდა. “ტაბულას” ინფორმაციით, ის იმ დროს პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.
  • “მედია აპრილის” ფოტოჟურნალისტ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, „დადგენილია ფაქტი“, რომ ვახო კარელი 26 იანვარს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. როდესაც ფოტოჟურნალისტმა აღნიშნა, რომ იქ ჟურნალისტური საქმიანობის გამო შეიძლებოდა ყოფილიყო, სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა: „ეს თქვენ უნდა დაამტკიცოთ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით, რის საფუძველზეც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.“
  • “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ ეკა ქევანიშვილს პოლიცია ედავებოდა, რომ 2025 წლის 22 იანვარს რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტა. იმ დღეს ის ოპერატორთან ერთად ვიდეოს იღებდა. ჟურნალისტმა პოლიციას წარუდგინა დოკუმენტაცია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დაგვიანებით მიიღო მოგვიანებით ჯარიმა გაუქმდა.
  • „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ალექსანდრე საჯაიასაც ედავებოდნენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 2025 წლის 4 იანვარს, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს.
  • Euronews-ის ჟურნალისტი დავით კეკენაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 3 იანვარს გამართული პროევროპული აქციის დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით.
  • ფოთში მოქმედი „მეცხრე ტალღის“ დირექტორი და რეგიონული მაუწყებლების ალიანსის თანათავმჯდომარე გერმანე სალია ზუგდიდში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობისას 1 000 ლარით დააჯარიმეს. მისი თქმით, ის მსვლელობას ჟურნალისტური გაშუქების მიზნით ესწრებოდა. სამი დღის შემდეგ, ფოთიდან ზუგდიდში გადაადგილებისას, საპატრულო პოლიციამ გააჩერა და აცნობა, რომ მისი ავტომობილი 2024 წლის 13 დეკემბრის აქციასთან დაკავშირებით ძებნაში იყო გამოცხადებული. მიუხედავად განმარტებისა, ჯარიმა მაინც დაკისრდა.
  • “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ სალომე ჩადუნელს პოლიცია 2024 წლის 10 ნოემბერს ჯგუფ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული პროტესტების კონტექსტში გაზარდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზარდა – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.

Share