26-10-2024
მარნეული
ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლა მარნეულის საარჩევნო უბნებზე

2024 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქვემო ქართლში, მარნეულის და მიმდებარე სოფლების საარჩევნო უბნებზე.

  • რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს მარნეულის მე-7 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამატებით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა.
  • ასევე თიკო დავაძესა და ვლადიმერ ჩხიტუნიძეს, მარნეულის სოფელ სადახლოს 71-ე უბანზე, უბნის თავმჯდომარე არ უშვებდა უბანზე გადაღების მიზნით. “…მეუბნებოდა, რომ შემეძლო შევსულიყავი, მაგრამ არაფერი გადამეღო…” – ჰყვება ჟურნალისტი. საოლქო კომისიაში დარეკვის შემდეგ თავმჯდომარეს მოუწია ჟურნალისტის დაშვება უბანზე.
  • ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, სადახლოს 69-ე უბანზე ჟურნალისტ თიკო ერაძეს და ოპერატორს, შალვა ჯოხაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. ერაძეს საარჩევნო უბანზე ყოფნას უზღუდავდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გუმბატ ნაზაროვიც. 
  • მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანთან „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და მის ოპერატორს, ირაკლი მურმანიშვილს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და უბანთან მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტებს უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი, ამირან გიორგაძე
  • მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე სტუდია “მონიტორის”  ჟურნალისტებმა თეო ქავთარაძემ და ქეთი თუთბერიძემ გადაიღეს, როგორ ცდილობდა ამომრჩეველი, სავარაუდოდ პასპორტში ჩაკრული სხვისი პირადი ნომრით ხმის მიცემას. ამ პროცესის გადაღებისას კი, უცნობი პირი ჟურნალისტებთან მივიდა და ტელეფონის წართმევა სცადა
  • „Aliq Media-ს“ 4 წარმომადგენელს მუშაობაში ხელი შეეშალა ხოჟორნის საარჩევნო უბანზე.  რედაქციის ინფორმაციით, „Aliq Media“ რეპუტაციის შელახვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული პირები იქვე მყოფ ამომრჩევლებს, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებს ეუბნებოდნენ, რომ „Aliq Media“ დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია იყო და „კანონს არღვევდა“.

Share
26-10-2024
14
გადაღების აკრძალვა | დისკრედიტაცია | ვერბალური თავდასხმა | მუშაობაში ხელშეშლა | საარჩევნო უბნიდან გაძევება | სიტყვიერი შეურაცხყოფა
ადმინისტრაციული ორგანო | კერძო პირი
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
მარნეული