“TV პირველი“ პროკურატურისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებებს შაბათის ეთერის ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობად აფასებს

„TV პირველის“ საგამოძიებო ტელეპროექტის, „შაბათის ეთერის“ 25 აპრილის სიუჟეტს ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული განცხადებების სერია მოჰყვა. საქართველოს პროკურატურა ტელევიზიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

კერძოდ, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ მომზადდა ჟურნალისტური გამოძიება ბეჟან ბეჟუაშვილის შესახებ, რომელიც გახმაურებული საქმეების პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის მამაა. თამარ ბეჟუაშვილი პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძისა და ლაშა ბერიძის საქმეებს უძღვება. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პროკურორის მამამ ბიზნესპარტნიორები მოატყუა და ამ გზით მათ კუთვნილ წილებს, თანხებსა და უძრავ ქონებას დაეუფლა. სიუჟეტში ასევე საუბარია პროკურორის სავარაუდო გავლენებზე, რის გამოც, შესაძლოა, ბეჟან ბეჟუაშვილის წინააღმდეგ დაწყებული საქმის განხილვა ჭიანურდება.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და „TV პირველის“ მასალას „მორიგი დეზინფორმაციული სიუჟეტი“ უწოდა. უწყების განმარტებით, ტელეკომპანია „მიზანმიმართულად უკვე მეორედ ამზადებს სიუჟეტს პროკურორის მამის ბიზნესსაქმიანობის შესახებ და სრულიად დაუსაბუთებლად აკავშირებს თამარ ბეჟუაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან“.

„საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მომხდარს გამოეხმაურა ჟურნალისტი ნოდარ მელაძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ „შაბათის ეთერის“ გუნდზე განხორციელებული შეტევა ჟურნალისტებზე ზეწოლას ისახავს მიზნად:

„TV პირველის’ საგამოძიებო ტელეპროექტი შაბათის ეთერი, ჩვენს გუნდზე განხორციელებულ კამპანიურ თავდასხმებს ჟურნალისტებზე ზეწოლად მივიჩნევთ. ამ ქმედებების მიზანია, მედიის წარმომადგენლებმა შეწყვიტონ პროფესიული საქმიანობა და უარი თქვან საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებაზე. უკვე მეორე დღეა, საქართველოს პროკურატურისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან მიმდინარეობს თავდასხმების სერია გადაცემა „შაბათის ეთერის“ გამომძიებელ ჟურნალისტებზე“.

სააპელაციო სასამართლომ ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება 27 აპრილს სააპელაციო პალატამ, მოსამართლეების – ნინო ჩახნაშვილის, გიორგი კერატიშვილისა და პაატა სილაგაძის შემადგენლობით გამოაცხადა.

ჩეჩინმა საბოლოო სიტყვით არ ისარგებლა და არც განაჩენის გამოცხადებას დაესწრო. პირველ ინსტანციაში ანტონ ჩეჩინის განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა.

ჩეჩინი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდეს. იგი 2024 წლის 3 დეკემბერს, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.

სააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 19 წლის საბა ჯიქია დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

საბა ჯიქია 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. ჯიქიას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის პოზიციით, მან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ფეხი დაარტყა სხეულის არეში. საქმეში დაზარალებულად ცნობილი გდდ-ის თანამშრომელი ბექა გოტიაშვილი თავად აცხადებს, რომ დაზიანება არ მიუღია.

სააპელაციო სასამართლოს  დეკემბრის აქციებზე დაკავებული 11 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ლეონიძემ 2024 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირი დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელად დატოვა.

საქმეზე მსჯავრდებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი. მსჯავრდებულებს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ისინი სასამართლომ ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად მიიჩნია. სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულები პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვდნენ.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თავდაპირველი ბრალდება (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი) 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევას. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში განაჩენს კვალიფიკაციის ნაწილში არ ეთანხმებოდა და ითხოვდა, ბრალდებულები დამნაშავედ ეცნოთ უფრო მძიმე მუხლით – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის.  

პროკურატურა საქველმოქმედო ფონდებზე ყადაღის გაგრძელებას ითხოვს

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ სასამართლოდან მიიღო განჩინება, რომლის მიხედვითაც პროკურორმა ანი ხუბეჯიშვილი საქველმოქმედო ფონდებზე ყადაღის გაგრძელება მოითხოვა.

საქმე ეხება 2025 წლის მარტში სასამართლოს განჩინებით, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღებულ საბანკო ანგარიშებს, რომლებიც შეეხო რამდენიმე საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის „ნანუკას ფონდს“.  საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ფონდებს ყადაღა საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების კვალიფიკაციით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაედო, რომელიც ვატო შაქარიშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული მოძრაობა 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნდა და მათი განცხადებები ხშირად ვრცელდება ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებში. ორგანიზაცია მიიჩნევა „ქართული ოცნებისთან“ აფილირებულად და ხშირად იმეორებს მის გზავნილებს. „ნანუკას ფონდი“ წარმოადგენს 2020 წელს დაარსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც სხვადასხვა პერიოდში ეხმარებოდა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, მძიმე დიაგნოზის მქონე პირებს, ასევე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული პროევროპულ აქციებთან დაკავშირებული ჰუმანიტარული და სოციალური მხარდაჭერის საქმიანობაში.

შალვა ესართიას საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიეცა

19 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში დაკავებული აქტივისტი შალვა ესართია არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, რაც მოგვიანებით მისმა ადვოკატმა, რამაზ მიქაიამ დაადასტურა. მისი ინფორმაციით, ესართიას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე ტერცია მუხლით, რაც ადმინისტრაციულად უკვე დასჯილი პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენას გულისხმობს და 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

20 მარტს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებულ შალვა ესართიას აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შალვა ესართია 17 მარტს დააკავეს. მის დაკავებას წინ უძღოდა ავტომობილით გადაადგილებისას შეჩერება, რომელიც, „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის“ ინფორმაციით, ქვეითისთვის გზის არდათმობის საფუძვლით მოხდა. თავად ესართია სამართალდარღვევას უარყოფდა და აცხადებდა, რომ მოძრაობის წესები არ დაურღვევია. იმავე დღეს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას პოლიციელები ძალის გამოყენებით სვამენ საპატრულო პოლიციის მანქანაში.

ორგანიზაციის შეფასებით, თავდაპირველი ადმინისტრაციული ბრალის შემდგომ სისხლის სამართლის კვალიფიკაციაზე გადასვლა შერჩევითი სამართლის ნიშნებს აჩენს და შესაძლოა უკავშირდებოდეს მის აქტივობას. ესართია პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით მესამედ დააკავეს – წინა შემთხვევებში მას ჯერ ჯარიმა, შემდეგ კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამჯერად საქმე სისხლის სამართლის წესით არის კვალიფიცირებულ.

სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი, რომლის მიხედვითაც პოლიციის დაუმორჩილებლობა ან შეურაცხყოფა ჩადენილი მესამედ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 13 ოქტომბერს პროექტის სახით წარმოადგინა და დაჩქარებული წესით 2 დღეში დაამტკიცა.