POSTV-ის ეთერში გავრცელებული პროპაგანდისტული ნარატივი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

12 იანვარს, POSTV-ის „ანალიტიკამ“ გაავრცელა სიუჟეტი სათაურით „კრიმინალი მზია ამაღლობელის კრიმინალური ქრონოლოგია“, რომელიც ჟურნალისტისა და გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ იყენებს სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის ენას. 

სიუჟეტი აგებულია ნარატივზე, თითქოს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესები ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ მიერ იმართება. ამ კონტექსტში აქცენტი კეთდება აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციის მიმართ ძალადობაზე. სიუჟეტი აგრძელებს ამ ნარატივის გამყარებას და მზია ამაღლობელს „გლობალური ომის პარტიის მიერ შედგენილი სცენარის ერთ-ერთ ფიგურანტად“ წარმოაჩენს. ამასთან, პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს იყენებს მის წინააღმდეგ სტიგმატიზაციის გასამყარებლად და წარმოაჩენს მას როგორც სამართალდამცავზე თავდასხმელსა და მოძალადეს.  სიუჟეტში უგულებელყოფიულია კონტექსტი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. 

მთლიანობაში, სიუჟეტი ქმნის მკვეთრად მიკერძოებულ ნარატივს, რომელშიც პოლიცია წარმოდგენილია მსხვერპლის როლში, ხოლო ჟურნალისტი, საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ფიგურად. მსგავსი რიტორიკა მზია ამაღლობელის მიმართ სისტემური დისკრედიტაციის ტენდენციის ნაწილია და ხელს უწყობს მის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართულ მანიპულირებას.

2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიმართ სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 2025 წლის 6 აგვისტოს, სასამართლომ იგი 2-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ბრალი პოლიციელზე თავდასხმიდან საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის მუხლზე გადააკვალიფიცირდა. არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ დაგმო მზიას პატიმრობა და მოითხოვა მისი გათავისუფლება. ის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა.

სახელისუფლებო ტელევიზია POSTV ჟურნალისტ თეა ადეიშვილს “ნაცების პროპაგანდისტად” მოიხსენიებს

2025 წლის 5 ოქტომბერს, პროპაგანდისტულმა ტელევიზია POSTV-მ “TV პირველის” ჟურნალისტი – თეა ადეიშვილი – “ნაცების პროპაგანდისტად” მოიხსენია.   “მე ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის შთამომავალი ვარ” – თეა ადეიშვილის მიერ, საარჩევნო ეთერში ნახსენები ეს ფრაზა, POTSV-ს კონტექსტის გარეშე აქვს დატანილი ქარდზე, თეა ადეიშვილის რეგალიად კი უწერია – “ნაცების პროპაგანდისტი თეა ადეიშვილი”.

კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიები და ჟურნალისტები, ბოლო პერიოდში, POSTV-ს დისკრედიტაციის სამიზნეები არაერთხელ გახდნენ.პროპაგანდისტული, “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან აფილირებული  POSTV აგრძელებს “ქართული ოცნების” მაღალი საჯარო პირების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის მანკიერ ტენდენციას.

სახელისუფლებო ტელევიზია POSTV აგრძელებს დამოუკიდებელი მედიების დისკრედიტაციას

2025 წლის 5 ოქტომბერს, “ქართულ ოცნებასთან” აფილირებულმა, პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ POSTV, დამოუკიდებელი ონლაინ მედიები –  “ნეტგაზეთი”, “პუბლიკა” და “ტაბულა” და ტელევიზიები “TV პირველი” და “ფორმულა”, “ნაცმოძრაობის პროპაგანდისტულ მედიებად” მოიხსენია. პროპაგანდისტულმა POSTV-მ აღნიშნული მედიები წინა დღეს, 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე დაშავებული პოლიციელის შესახებ ინფორმაციის მიჩქმალვაში დაადანაშაულა. 

ვიზუალურ მასალაზე (ქარდზე), რომელიც POSTV-მ  გაავრცელა, დატანილია ამ მედიასაშუალებების ლოგოები და შემდეგი ტექსტი –  “უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პოლიციელის, გიორგი ბარბაქაძის შესახებ, ნაცმოძრაობის პროპაგანდისტულ მედიას ამ დრომდე ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვამს”. 

“პუბლიკას” რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი ამ ფაქტს  სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ გამოეხმაურებოდა, რომ არა ბოლო დღეების კოორდინირებული თავდასხმები. მან თქვა, რომ სინამდვილეში დაშავებული პოლიციელის თემაზე არაერთი მასალა აქვს გამოცემას მომზადებული და ყველა მასალის ლინკი მისივე განცხადებას კომენტარებშიც დაურთო.

პროსამთავრობო მედია  “TV პირველის“ დისკრედიტაციას  ცდილობს

2025 წლის 17 სექტემბერს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა  ტელევიზიამ, „POSTV“-მ, Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიზუალური მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ „TV პირველმა“ არ გააშუქა ხელისუფლების მიერ დევნილი ოჯახებისათვის ბინების გადაცემის ფაქტი. პოსტში „ტვ პირველი“ ასევე დაადანაშაულეს „მხოლოდ ფეიკ ნიუსების“ გაშუქებაში. მასზე ასევე, დატანილია მოწოდება “გამორთე TV პირველი”.

მსგავსი მასალის გამოქვეყნება ნათლად აჩვენებს, როგორ იყენებს პროსამთავრობო მედია ოპოზიციური მედიის დისკრედიტაციის სტრატეგიას, კრიტიკულად განწყობილი მედიისადმი უნდობლობის გასაღრმავებლად და მის მიმართ ბოიკოტის გამოსაცხადებლად. 


დამოუკიდებელი ტელეკომპანია “TV პირველი” არაერთგზის გამხდარა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების, მხარდაჭერებისა თუ სახელმწიფო უწყებების თავდასხმის ობიექტი.