“მთავარი არხის” ჟურნალისტებს თავს დაესხნენ კერძო პირები

25 ივლისს, სოფელ სუფსაში გადაღებაზე მყოფ “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს კერძო პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “მთავარი არხის” წარმომადგენელი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლის ობიექტად იქცა. ლადო მენაბდე პოლიციაში დაშინების მიზნით  დაიბარეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ თავდამსხმელი “სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით”.

განცხადება ამ საკითხზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც გაავრცელა. “ქარტია გმობს გახშირებულ ძალადობრივ ქმედებებს ჟურნალისტთა მიმართ და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ კონკრეტული ინცინდენტის სწრაფად და ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს,” – ნათქვამია განცხადებაში. 

“TV მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფს კერძო პირები დაესხნენ თავს

2024 წლის 25 ივლისს, შიდა ქართლის ადგილობრივი ტელევიზიის “TV მონიტორინგის” ჟურნალისტებს ბექა პირველსა და შოთა სადაღაშვილს, დიდუბის ავტოსადგურში მძღოლები დაესხნენ თავს.

თავდასხმის საბაბი გახდა სიუჟეტი, რომელიც “TV მონიტორინგის” ეთერში 23 ივლისს გავიდა. რეპორტაჟში გორი – თბილისისა და თბილისი – გორის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში არსებული არასახარბიელო ვითარებაა აღწერილი. სავარაუდოდ, აღნიშნულმა გამოიწვია მძღოლების უკმაყოფილება.

თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს მგზავრობის საშუალება არ მისცეს. ისინი ჟურნალისტებს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

ბექა პირველს მიღებული აქვს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის თავის არეში, ხოლო შოთა სადაღაშვილს ხელი აქვს ნაღრძობი. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

“ბილეთები ავიღეთ, ავდიოდით მარშუტკაში, ამ დროს მძღოლმა დაგვიძახა, გვიცნო სავარაუდოდ, თქვენ არაკაცები ხართო, კაცურ საქციელში იჭრებითო, რატომ აკეთებთ ეგეთ რაღაცებსო… შემდეგ აღარ წაგიყვანოთო, ფული დაგვიბრუნა და აღარ მიმყავხართ აქედანო. საშინელი ენით გვაგინებდა. ჩანთები რომ ჩამოგვიყარა მაგის გადაღება დავიწყე, გადაღება დავიწყე თუ არა, იმ წამს ხუთი კაცი დაგვესია, ვინ სად გვირტყამდა, ახლაც ვერ ვიაზრებ, მარტო ის მახსოვს, რომ შუაში მომიმწყვდიეს და თავში მირტყამდნენ გამეტებით, წიხლებს და ხელებს, ყველაფერს…. სავარაუდოდ, მეუბნებიან, რომ ჰემატომაა თავის ტვინის”, – ყვება ბექა პირველი. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. “მედიაჩეკერის” ინფორმაციით, უწყებამ ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხვაზე დაიბარა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაგმო თავდასხმა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს “TV მონიტორინგის” ჟურნალისტებზე თავდასხმის სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდა.

“დემოკრატიულ საზოგადოებაში დაუშვებელია ჟურნალისტების დევნა და მათზე ანგარიშსწორება ჟურნალისტურ  ნამუშევრებში გამოთქმული კრიტიკული შეფასებების გამო. ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

“მთის ამბების” რედაქტორის ოფისთან შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს

2024 წლის 31 მაისს, გამოცემა “მთის ამბების” თბილისის ოფისის ეზოში, სადაც ამ გამოცემის რედაქტორის საცხოვრებელი სახლიც არის, შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს (“უსამშობლო”, “გამყიდველი”, “მონა” – მსგავსი წარწერებით იყო აჭრელებული შენობის ფასადი).

“მთის ამბების” ცნობით, რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმავე დღეს მიმართა, მაგრამ გამოძიება არ დაიწყო. სამსახურმა განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა, რომელმაც არანაირი რეაგირება არ მოახდინა.

გელა მთივლიშვილი ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, რომელიც აქტიურად აშუქებს და აპროტესტებს ე.წ. რუსულ კანონს. იგი არაერთხელ გახდა თავდასხმისა და შეურაცხყოფის სამიზნე, კერძოდ გელა მთივლიშვილის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილის სიახლოვეს შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს. პირველად მსგავსი ფაქტი 9 მაისს მოხდა, მაშინ, როდესაც პარლამენტი რუსულ კანონს განიხილავდა.

მომხდარს გამოეხმურა ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”:

“31 მაისის ინციდენტების ანალიზი მიუთითებს, რომ ორგანიზებული ვანდალიზმისა და სისტემური დაშინებით მმართველ პარტიას ორი მიზანი აქვს – ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და მცდარი/ყალბი წარმოდგენა შექმნას მათ  მიერ ჩადენილი საქართველოს დამაზიანებელი აქტების შესახებ, მათ შორისაა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი აღიარებს, რომ ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი წარწერების ორგანიზატორია

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი დიტო სამხარაძე 2024 წლის 31 მაისს გამოქვეყნებულ სტატუსში აღიარებს, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას.

 სამხარაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა მუქარის შემცველი პოსტი.

„ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი… “ – წერს დიტო სამხარაძე. 

“ფორმულას” ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

2024 წლის 22 აპრილს, ფორმულას ჟურნალისტს, ია სართანიას, უცნობი მამაკაცი ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ ხელი ჰკრა, აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ჟურნალისტის განცხადებით, მას “ფორმულას” ლოგოიანი ჩანთა ეჭირა და “თავდამსხმელმა იცოდა, ვის უპირისპირდებოდა”. სართანიას ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

აღნიშნულ საკითხს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და სამართალდამცავებს საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწონა. “ჟურნალისტზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიული საზოგადოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის,” ნათქვამია განცხადებაში.

“TV 25”-ის გადამღებ ჯგუფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალეს

2024 წლის 14 მარტს, ბათუმში, ადგილობრივი მედიის, “TV 25”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ოცნების ქალაქში” ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ ”TV 25-ის” ჟურნალისტს, თეო ფუტკარაძეს და ოპერატორს, გერა კილაძეს, მშენებლობაზე დასაქმებულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მასთან ერთად, დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის კამერის წართმევასაც შეეცადა.

ინციდენტს ასახავს “ტვ 25-ის” ეთერში გასული მასალა, აღნიშნულ საკითხს განცხადებით მედიის ადვოკატირების კოალიციაც გამოეხმაურა.

“კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად დაიწყოს აღნიშნული ინციდენტის გამოძიება, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო იქნეს უზრუნველყოფილი” – ნათქვამია განცხადებაში.

“სტუდია მონიტორის” რედაქტორის მანქანა დააზიანეს, სახლის ფასადზე კი შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს

2024 წლის 9 მაისს კორპუსში, სადაც საგამოძიებო მედია “სტუდია მონიტორი” მდებარეობს, უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები გააკრეს.

იგივე განმეორდა 10 მაისს, “სტუდია მონიტორის” დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის, ნინო ზურიაშვილის საცხოვრებელი სახლის ფასადზე. უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერები გააკეთეს ზურიაშვილის კუთვნილ ავტომანქანაზეც.

“სტუდია მონიტორის” განცხადებით, “ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი “სტუდია მონიტორისა” და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა”.

“სტუდია მონიტორის” განცხადებით ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართეს საგამოძიებო უწყებებს. “ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას” – ნათქვამია განცხადებაში.

“ფორმულას” გადამღებ ჯგუფს და რესპონდენტს თავს დაესხნენ

2024 წლის 7 მაისს,  თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, უცნობი პირი თავს დაესხა “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს – ოპერატორს და მძღოლს. 

კონფლიქტი დაიწყო უცნობ პირსა და “ფორმულას” რესპონდენტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორს – გიორგი კლდიაშვილს შორის. ჟურნალისტი კლდიაშვილთან ინტერვიუს წერდა, რა დროსაც მათ უცნობი პირი მიუახლოვდა. ის თავდაპირველად ფიზიკურად იძალადა გიორგი კლდიაშვილზე, შემდგომ კი, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე.

„ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ თავდამსხმელს ხელში შუშის ბოთლი უჭირავს და იგინება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ფორმულას“ ჯგუფი მოძალადის სამიზნე გახდა. 22 აპრილს, მეტროში, ჟურნალისტ ია სართანიას, რომელსაც ეჭირა ჩანთა „ფორმულას“ ლოგოთი, თავს უცნობი მამაკაცი დაესხა, რა დროსაც მან ჟურნალისტს ხელი ჰკრა და შეაგინა. 

2024 წლის 7 მაისს, უცნობმა პირებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თელავშიც, ე.წ. “რუსული კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დაწყებამდე. „ფორმულას“ კადრებში ჩანს, რომ უცნობი პირი მანქანით შედის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქცია იმართება და ხელს კრავს “ტელეკომპანია პირველის“ მიკროფონს.

“ფორმულას” ჟურნალისტს თბილისის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

2024 წლის 2 მაისს, თბილისში, ქალაქის მერი კახა კალაძე კომენტარს აკეთებდა ჟურნალისტებთან. ერთ-ერთი კითხვა მერს კრიტიკული ტელევიზიის „ფორმულას“ ჟურნალისტმა, ნუცა ბახუტაშვილმა დაუსვა. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულებს და პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას.  შეკითხვის შინაარსით გაღიზიანებულმა კახა კალაძემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კოლეგის დაცვა სხვა კრიტიკული ტელევიზიის ჟურნალისტებმა სცადეს, თუმცა კახა კალაძემ ნუცა ბახუტაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენება განაგრძო. საჯარო მოხელემ ჟურნალისტის მიმართ ისეთი ტერმინები გამოიყენა, როგორიც არის “თავხედო”, “ნაძირალა” და სხვ.

“TV მონიტორინგის” ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

2024 წლის 1 აპრილს, ქალაქ გორში, მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია “მონიტორინგის” ოპერატორს თორნიკე გელიტაშვილს.

“TV მონიტორინგის” ცნობით, ოპერატორი სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიიდან დრონით იღებდა შენობის კადრებს, რა დროსაც მას სააგენტოს სამი თანამშრომელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, დაუზიანა ტელეფონი და კადრების გადაღების შესაძლებლობა არ მისცა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილზე მისულმა პოლიციამ, გამოკითხვის შემდეგ საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გადაამისამართა.

შემთხვევას გამოეხმაურა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”. “ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ჟურნალისტზე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირები ძალადობენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

ეთიკის ქარტიამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიებისკენ მოუწოდა.