16 ოქტომბერს, “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, ორ დღეში მიიღო მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც კიდევ უფრო ამკაცრებს სანქციებს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე მოქალაქეების მიმართ და მნიშვნელოვნად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ცვლილებები შევიდა, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ცვლილებების თანახმად, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, აქციაზე ნიღბის ტარების, ცრემლმდენი საშუალების ფლობისა და გზის გადაკეტვისთვის. ამასთანავე, მოსამართლეს აღარ ექნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებში ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობა ემუქრება, თუ:
- აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
- თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
გარდა ამისა, ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის თანახმადაც ამგვარი ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებასა და თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, ხოლო ყოველ შემდეგ შემთხვევაში, ორ წლამდე ვადით.
ამასთან, კანონში შეტანილი ცვლილებებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა სამართალდამცველის განმეორებითი შეურაცხყოფის შემთხვევაშიც. კერძოდ, თუ მოქალაქე პოლიციელს არაერთხელ მიაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას, ეს ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. განმეორების შემთხვევაში კი სასჯელი უფრო მკაცრდება და შესაძლოა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული ცვლილებები მკაცრად გააკრიტიკეს და მიიჩნიეს, რომ ის საფრთხეს უქმნის დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. მათი განცხადებით, ახალი რეგულაციები არა მხოლოდ ზღუდავს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, არამედ ქმნის შიშისა და თვითცენზურის ატმოსფეროს საზოგადოებაში, სადაც მოქალაქეები შესაძლოა მხოლოდ საკუთარი მოსაზრების გამოხატვისთვის დაისაჯონ.
აღნიშნული ცვლილებები გაგრძელებაა ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” მხრიდან რეპრესიული ხასიათის კანონმდებლობის მიღებისა.