2025 წლის 6 სექტემბერს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს აზერბაიჯანელ სტუდენტს, ჯავიდ აჰმედოვს, რომელიც თბილისში ცხოვრობს და სწავლობს. 26 წლის ჯავიდ აჰმედოვი “რადიო თავისუფლებასთან” ჰყვება, რომ უარის მიზეზად ჯერ მის სახელზე “გზის გადაკეტვის საფუძვლით” არსებული ჯარიმები დაუსახელეს, ჯამში 10, 000ლარის ოდენობის (ორი ჯარიმა), შემდეგ კი უთხრეს, რომ ეს თანხა რომც გადაეხადა, ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარს ეტყოდნენ. საბოლოოდ, დოკუმენტში, რომელიც საზღვის კვეთაზე უარის დასაბუთებისთვის მისცეს, უარის თქმის საფუძვლად „სხვა მიზეზი“ წერია.
ჯავიდ აჰმედოვი ამ ინციდენტს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. ის ამბობს, რომ რუსთაველზე რამდენჯერმე იმყოფებოდა მაგრამ არა როგორც აქტივისტი, არამედ, როგორც ჟურნალისტი და თან ჰქონდა ფოტოკამერაც. მის სახელზე ჯარიმის არსებობის შესახებ, აჰმედოვმა 24 აგვისტოს, საქართველოდან გასვლისას შეიტყო, თუმცა, მაშინ უთხრეს, რომ ამ თანხის გადახდა დაბრუნების შემდეგ შეეძლო და ქვეყნის დატოვებისას მისთვის პრობლემა არ შეუქმნიათ. დაბრუნებისას კი აღმოაჩინა, რომ ერთი კი არა, ორი ჯარიმა ჰქონდა და ვერც ქვეყანაში შემოსვლა შეძლო. ის უკან, თურქეთში გააბრუნეს.
ჯავიდ აჰმედოვი საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს და “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში” (GIPA) ჟურნალისტიკას სწავლობს. 8 სექტემბერს მას ფრენა ჰქონდა ქუთაისიდან გერმანიისკენ, სადაც სტიპენდიით სასწავლებლად მიემგზავრება.