2024 წლის 5 ნოემბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ონლაინგამოცემა „ბათუმელებისგან“ მოითხოვა წვდომა კონფიდენციალურ წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. აღნიშნული ინფორმაცია რედაქციამ წყაროსგან მოიპოვა, რის საფუძველზეც მოამზადა სტატია. სტატიის მიხედვით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებდა ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს. ეს მონაცემები მოიცავდა ინფორმაციას ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე იმის შესახებ, თუ ვის აძლევდნენ ისინი ხმას არჩევნებზე და სხვა დეტალებს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მონაცემები, რომლებიც პარტიის ოფისში მუშავდებოდა, სავარაუდოდ, მოპოვებულია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან.
საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას, მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება.“
„ბათუმელებმა“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შეატყობინა, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებით დაირღვეოდა წყაროს კონფიდენციალურობა, რის გამოც ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია უწყებას.