საქართველოს საპატრიარქო ტელეკომპანიების „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს მცხეთობის დღესასწაულის გასაშუქებლად აკრედიტაციას არ მისცემს.
ამის შესახებ „ფორმულას“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ტელეკომპანიების ჟურნალისტები „მუდმივად არღვევდნენ შიგა განაწესს“, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, რაც, მისივე შეფასებით, დაუშვებელია და პრობლემებს ქმნის.
საპატრიარქოს მიერ კრიტიკული მედიების აკრედიტაციაზე უარი მსგავსი საფუძვლით 2025 წელსაც დაფიქსირდა. მაშინ საპატრიარქომ განაცხადა, რომ 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში, „TV პირველისა“ და „ფორმულას“ გადამღებმა ჯგუფებმა შიდა განაწესი დაარღვიეს და მედიისთვის გამოყოფილი სივრცე თვითნებურად დატოვეს, რის გამოც ისინი მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებდნენ. საპატრიარქომ მედიისთვის დამატებითი რეგულაციები 2022 წლიდან დააწესა. ჟურნალისტებს საეკლესიო ღონისძიებების გასაშუქებლად სპეციალური აკრედიტაციის მიღება სჭირდებათ, ხოლო მუშაობა მხოლოდ მედიისთვის წინასწარ განსაზღვრულ სივრცეებში შეუძლიათ.