2025 წლის სექტემბრის ბოლო კვირაში, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს სამ უცხოელ ფოტოგრაფს. მათგან ორს ქვეყანაში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაეშუქებინა. სამივე ფოტორეპორტიორი საქართველოში მანამდეც იყო ნამყოფი, ისინი პროევროპულ საპროტესტო აქციებს იღებდნენ.
კერძოდ, 2025 წლის 28 სექტემბერს საქართველოში არ შემოუშვეს შვეიცარიელი ფოტოჟურნალისტი გრეგორ ზომერი. საზღვარზე მას განუცხადეს, რომ მის სახელზე “გზის ხელოვნურად გადაკეტვის საფუძვლით” გამოწერილი ორი ჯარიმა ფიქსირდებოდა 10 000 ლარის (დაახლ. 3 700 $) ოდენობით და ქვეყანაში არ შეუშვებდნენ, ვიდრე ამ თანხას არ გადაიხდიდა. ფოტოჟურნალისტმა ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა და ის ქვეყნიდან უკან გააბრუნეს. OC Media-სთან ფოტოჟურნალისტი ჰყვება, რომ უარის შემდეგ ის “რაღაც ოთახში” გაიყვანეს და იქ რვა საათის განმავლობაში დააყოვნეს: „მომიწია უკან დასაბრუნებელი ფრენის დაჯავშნა. ამის შემდეგ, მათ ტელეფონი წამართვეს. ვცადე ტელეფონის დაბრუნება, მაგრამ არ დამიბრუნეს. ვცადე დარეკვა მეთხოვა, მაგრამ მითხრეს, რომ ეს შეუძლებელი იყო და ტელეფონი წამართვეს“.
29 სექტემბერს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს იტალიელ ჟურნალისტს ჯაკომო ფერარას. ის საქართველოში სომხეთიდან შემოდიოდა. საზღვარზე პოლიციამ უთხრა, რომ მას 5000 ლარიანი (დაახლ. (1 900$) ჯარიმა ეკისრება და ქვეყანაში გადახდის გარეშე არ შემოუშვებენ. ფერარას თქმით, მისთვის ეს ინფორმაცია მოულოდნელი იყო. მისი მონათხრობით, იგი 31 მარტს თბილისში საპროტესტო აქციაზე ყოფნის გამო დააჯარიმეს, არგუმენტმა, რომ დემონსტრაციაში არ მონაწილეობდა და მხოლოდ აშუქებდა, არ გაჭრა. ჟურნალისტმა ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა და პასპორტი მოითხოვა, რომელიც 2 საათის შემდეგ დაუბრუნეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ შეატყობინა იტალიის საელჩოს საქართველოში და ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციას.
OC Media-ს დამფუძნებლის, მარი ნიკურაძის ცნობით, 1-ელ ოქტომბერს საქართველოში საზღვარზე 6 საათით შეაყოვნეს გერმანელი ჟურნალისტიც. მასაც მიზეზად მის სახელზე არსებული ჯარიმა დაუსახელეს – 5 000 ლარი (1 900$), “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის”. გერმანელმა ჟურნალისტმა ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც თანხა გადაიხადა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოელ რეპორტიორებს საქართველოში შემოსვლაზე პრობლემებს უქმნიან. საჯაროდ გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით, “მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა”, ბოლო ორ წელიწადში, ასეთი 10-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა.