2025 წლის 26 ივნისს “ქართული ოცნების” პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები მიიღო. ახალი ნორმებით, რომელიც კანონის გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში, სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღება აიკრძალა. ცვლილებების შედეგად, იზღუდება ასევე, როგორც სასამართლოს შიგნით სივრცეში, ასევე ეზოსა და დერეფნებში გადაღება. ცვლილებებმა სასამართლო პროცესების გაშუქების წესები ფუნდამენტურად შეცვალა. დღეს, 30 ივნისს, „პუბლიკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლები კამერებით არ შეუშვეს, შეზღუდეს ეზოში ტელეფონებით გადაღებაც.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობდა. მედიის წარმომადგენლებმა იუსტიციის საბჭოს მიმართეს სხდომის გადაღების ნებართვასთან დაკავშირებით, თუმცა მათგან პასუხი ვერ მიიღეს. ადვოკატებმა სხდომის გადაღების ნებართვასთან დაკავშირებით შეკითხვით მიმართეს მოსამართლესაც, თუმცა მოსამართლის განმარტებით, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილი არ არის გადაწყვეტილება სხდომის გადაღების ნებართვის თაობაზე, სხდომას აუდიო-ვიდეო ჩაწერის გარეშე გაგრძელდებოდა.
ამ დრომდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ დაუდგენია პროცედურა, თუ რა წესით გაიცემა მედიისთვის ნებართვა სასამართლო პროცესების გაშუქებაზე. ცნობილია, რომ პროცესების გაშუქება შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს ნებართვით, თუმცა თავად ნებართვის გაცემის ფორმა და წესი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მკაფიო რეგულაციების არარსებობა ქმნის თვითნებური მიდგომის საფრთხეს, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და სასამართლო პროცესების საჯაროობას.