დამოუკიდებელი მედიის უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოში, 2025

18.12.2025

2025 წელს მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა (CMIS) დააფიქსირა 357 სხვადასხვა ტიპის ინციდენტი ჟურნალისტების, მედია საშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რა დროსაც 323 მედიის წარმომადგენელი და მედიაორგანიზაცია აღმოჩნდა ინციდენტების ადრესატი. რამდენიმე შემთხვევაში, ერთი ინციდენტი მოიცავდა ძალადობის რამდენიმე ფორმას (მაგალითად, დაკავება, რომელსაც თან ახლდა ფიზიკური ძალადობა). 

ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ ჯარიმები ზეწოლის ყველაზე ხშირად გამოყენებული ინსტრუმენტი იყო. 48 ჯარიმიდან 35 დაეკისრათ ჟურნალისტებს, რომელთა უმეტესობა საპროტესტო აქციებს აშუქებდა; ამ ჯარიმების მცირე ნაწილი მოგვიანებით გაუქმდა. დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების დისკრედიტაცია, ფიზიკური ძალადობა, მედიის დევნის მიზნით კანონების გამოყენება და სიტყვიერი შეურაცხყოფა დარღვევების შემდეგი ყველაზე გავრცელებული ტიპებია.

ჟურნალისტების დაკავებამ და დაპატიმრებამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია. 2025 წელს დაკავება-დაპატიმრების ოცი შემთხვევა დაფიქსირდა. დაკავება უმეტესად საპროტესტო აქციებზე ხდებოდა, დაკავების დროს ზოგიერთი მათგანი აქციას აშუქებდა.

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, გამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური მოტივით არის გასამართლებული და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ამ ინციდენტების მთავარი წყაროები სამართალდამცავი ორგანოები არიან, შემდეგ მოდის ადმინისტრაციული ორგანოები და სასამართლოები.

2025 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული, საპროტესტო აქციების დროს 79 სხვადასხვა ტიპის ინციდენტი დაფიქსირდა მედიის 72 წარმომადგენლის მიმართ (მაგალითად, ჟურნალისტებისთვის „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ მოტივით ჯარიმების დაკისრება, ან ჯარიმა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტებისთვის). საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, წლის განმავლობაში დაფიქსირდა 9 შემთხვევა, როდესაც უცხოელ ჟურნალისტებს უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი საქართველოში შესვლაზე.


Share