სასამართლო პროცესების გაშუქება: ბარიერები ჟურნალისტებისთვის

01.02.2026

2025 წელს, ორი ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა პროცესი გაიმართა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის საქმეზე. არაერთი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, “სინდისის პატიმრებთან” დაკავშირებითაც. უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გარდა, სასამართლოში წყდებოდა ოპოზიციური პარტიების ლიდერების და “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ბედიც. 

2025 წლის ბოლოდან და 2026 წლის დასაწყისში, გაიმართა “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, ორგზის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო. მას არალეგალური შემოსავლების მიღებას ედავებიან. სასამართლო პროცესები გაიმართა, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ბიზნესმენების საქმეებზეც.

მსგავსი პროცესების გაშუქება, მედიისთვის პრიორიტეტულია. ასეთი ამბები იბეჭდება მედიაგამოცემების პირველ გვერდზე, ან სატელევიზიო ახალი ამბების პირველი სეგმენტის თემაა. “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ, მიღებული კანონებიდან/კანონებში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, მედიებს მნიშვნელოვნად ეზღუდებათ სასამართლოდან გაშუქება. საბოლოოდ კი, ეს აზიანებს საზოგადოების ინტერესს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. 

2025 წლის 18 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა და მალევე, დაჩქარებული წესით მიიღო, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, რომლითაც:

სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა აიკრძალა.

გარდა ამ უფლების შეზღუდვისა, სასამართლო პროცესების გაშუქებაზე მაუწყებლებსაც შეეზღუდათ წვდომა. კერძოდ, გაუქმდა 2013  წლიდან მოქმედი ნორმა , რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლო პროცესის გაშუქება შეზღუდვის გარეშე შეეძლო,  ხოლო თუკი ის არ სარგებლობდა ამ უფლებით, გადაღების უფლების სხვა მაუწყებლისთვის გადაცემა შეეძლო მოსამართლის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

დაწესდა პირადი ნივთების ჩამორთმევის უფლება. სასამართლოს მიენიჭა უფლებამოსილება შენობაში შესულ პირებს ჩამოართვას მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ფოტო-ვიდეო-აუდიო ტექნიკა და სხვა ნივთები. 

ამასთანავე, შეიზღუდა სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობა. სასამართლო აქტები მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ხდება საჯარო. ნებისმიერ პირს, მათ შორის მედიას, ეკრძალება გადაწყვეტილების გამოქვეყნება დეპერსონალიზაციის გარეშე. ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 

დაწესდა პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისათვის. კერძოდ, მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ან სხვა მსგავსი ქმედებით) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში) მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მიღებული ცვლილებების შედეგად, სასამართლო შენობის გარეთ დარჩენილ მედიის წარმომადგენლებს შეექმნათ არასათანადო სამუშაო პირობები.  მათთვის არ არის მოწყობილი რაიმე სივრცე სასამართლოების ტერიტორიებზე, საიდანაც შეძლებდნენ დაუბრკოლებლად მუშაობას. მათ, ზაფხულში ძლიერ სიცხეში, ხოლო ზამთარში ყინვაში უწევთ მუშაობა, რათა საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქმეების შესახებ.

იუსტიციის საბჭოს მედიის წარმომადგენლებისთვის სათანადოდ მოწყობილი, უსაფრთხო სამუშაო სივრცის მოწყობისკენ მოუწოდებს “მედიის ადვოკატირების კოალიცია”. კოალიცია “უკიდურესად კრიტიკულს” უწოდებს  დამოუკიდებელი მედიის სამუშაო პირობებს. 

“მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” (CMIS) მიერ, შემზღუდავი კანონების ამოქმედებიდან აღწერილია, ისეთი პრაქტიკა, როცა სასამართლოში ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ, აზიანებენ მათ კუთვნილ ტექნიკას, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და უზღუდავენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას. ქვემოთ ჩამოთვლილია მსგავსი შემთხვევები:

ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე” დაკავებული 13 პირის საქმის განხილვისას 2025 წლის 17 დეკემბრის სასამართლო პროცესზე, სატელევიზიო ჟურნალისტების თხოვნაზე პირდაპირ ეთერში ჩართვის მიზნით მათთვის სხდომის დარბაზიდან ერთხელ გასვლის უფლება მიეცათ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ განაცხადა, რომ სხდომის დატოვების შემთხვევაში ჟურნალისტებს დარბაზში დაბრუნების უფლება აღარ ექნებოდათ. 

2025 წლის 23 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “TV პირველის” ჟურნალისტს მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტი სასამართლო სხდომაზე მხოლოდ მას შემდეგ დაუშვეს, რაც მანდატურის სამსახურმა მისი ტელეფონი დალუქა. 

2025 წლის 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა მცირე, 24-კაციან დარბაზში გამართა. დარბაზში  ადგილები სწრაფად შეივსო, რის გამოც, პროცესზე დასწრება ვერ შეძლეს იმ ჟურნალისტებმაც, რომელთაც პროცესის გაშუქება სურდათ.

2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალიტს, მინდია გაბაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატური პოლიციის გამოძახებით დაემუქრა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა. მინდია გაბაძე სასამართლოში აქტივისტ გელა ხასაიას სასამართლო პროცესს აშუქებდა.

2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა ტელეფონი წაართვა და უკან გატეხილი დაუბრუნა.

2025 წლის 22 ივლისს, გამოცემა „პუბლიკის” რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი ვიდეოს გადაღების გამო კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა. ვარდიაშვილი ცდილობდა დაეფიქსირებინა, როგორ გამოიყვანა მანდატურის სამსახურმა ძალის გამოყენებით სასამართლოს შენობიდან ოპოზიციური პარტიის წევრი.

2025 წლის 10 ივლისს, სასამართლო დარბაზიდან ფოტოს გავრცელების გამო მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ლომიძე-ზასოხაშვილის პროცესი დახურა და დარბაზი ყველა დამსწრეს, მათ შორის ჟურნალისტებს, დაატოვებინა.

მედიის მიმართ, უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად შეიძლება მივიჩნიოთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ივლისში გამოცემული ბრძანება. “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებულმა  ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღეს უფლება გადაეღოთ ბიძინა ივანიშვილის “პირად პატიმრად” მიჩნეული ბიზნესმენის, გიორგი ბაჩიაშვილის, სასამართლო პროცესი. ეს იყო პირველი შემთხვევა, მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებების შედეგად მედიას სასამართლო პროცესის გადაღება აეკრძალა, როცა იუსტიციის საბჭომ გადაღების ნებართვა გასცა. “იმედის” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მათ იუსტიციის საბჭოს 2025 წლის 28 ივლისს მიმართეს და მეორე დღეს ნებართვა მიიღეს.

სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემები და  “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული “კლანური მმართველობა” აღიარებულია როგორც ადგილობრივ, ასე საერთაშორისო დონეზე. სასამართლო სისტემაში ჩამოყალიბებულია გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეშვეობით ახორციელებს სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლს.

საბჭოს ხელში კონცენტრირებულია მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების ნეპოტისტური სისტემა, სასამართლოს თავმჯდომარეების ინტერესზე დაფუძნებული დანიშვნა და დისციპლინური სამართალწარმოების მექანიზმები. გადატვირთულობისა და საქმეთა გაჭიანურების პირობებში, დისციპლინური პასუხისმგებლობის მუდმივი საფრთხე ქმნის შიშზე დაფუძნებულ მმართველობას, ზრდის კორუფციის რისკებს და არსებითად ზღუდავს სასამართლოს დამოუკიდებლობას.

აღნიშნული მექანიზმების ერთობლიობა, აყალიბებს კლანური მმართველობის მოდელს, რომლის პირობებშიც სასამართლო სისტემა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია არაფორმალურ გავლენებზე.

Share