2025 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, უკვე მესამედ, ჟურნალისტებს ეზღუდებათ ტექნიკით შესვლა და საქმიანობა. სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს ის ჟურნალისტები, რომლებსაც არ ჰქონდათ სასამართლო დარბაზიდან პროცესის გაშუქების წინასწარი ნებართვა, თუმცა ჟურნალისტს ამგვარი წინასწარი ნებართვა არ სჭირდება საქმიანობის სასამართლოს დარბაზს გარეთ განსახორციელებლად.
სასამართლოში დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლიდერის – ნიკა მელიას საქმე იხილებოდა, რომელსაც მართლმსაჯულება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლას ედავება.
ჟურნალისტების განმარტებით, სასამართლო სხდომაზე არ უშვებდნენ იმ კორესპონდენტებს, რომლებსაც ფოტო ან/და ვიდეო აპარატურა ჰქონდათ; ჟურნალისტებს მხოლოდ გადასაღები ტექნიკის გარეშე სხდომაზე დასწრების უფლება მიეცათ.
სასამართლოს პრესსამსახურის ზეპირი განმარტებით, შეზღუდვა უსაფრთხოების ნორმებს უკავშირდება: „უსაფრთხოებიდან გამომდინარე დღეს არის შეზღუდვა. სასამართლოს შენობაში შემოვა მხოლოდ ის მედიასაშუალება, ვინც დაშვებული იქნება უშუალოდ პროცესის გაშუქებაზე. ამაზე მეტს, ვერაფერს ვერ გეტყვით“.