2025 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, რომელიც აქციაზე დაკავებულ 8 პირის საქმეს განიხილავს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს დაემუქრა, რომ შემდეგ პროცესზე ფოტოების გადაღების უფლებას აღარ მისცემს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მოსამართლემ ეს მას პირადად უთხრა: “მაშინ მომძახა, როცა პროცესის დასრულება გამოაცხადა, მე კი ხმაურის გარეშე ვაგრძელებდი ფოტოების გადაღებას”, – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.
მინდია გაბაძე ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებიდან, რომელიც ესწრება “სინდისის პატიმრების” თითქმის ყველა სასამართლოს და აღწერს პროცესზე განვითარებულ მოვლენებს. სოციალურ ქსელში სასამართლო პროცესებზე მის მიერ გადაღებული არაერთი ემოციური ფოტო და ვიდეო მასალა იძებნება, მათ შორის, სინდისის პატიმრების მოწოდებების ამსახველი ვიზუალიზაციები.
ბოლო პერიოდში, სასამართლო სისტემა მნიშვნელოვნად ზღუდავს მედიის საქმიანობას სასამართლო პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებით. 2025 წლის 22 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაფიქსირდა ოთხი შემთხვევა (22, 23, 29 და 30 მაისს), როდესაც შენობაში არ შეუშვეს ფოტო/ვიდეო კამერებით აღჭურვილი რეპორტიორები. 10 ივნისს კი სხდომა მედიისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც გადაღების უფლება ჰქონდა, სრულად დახურეს. ყველა შემთხვევა მაღალი საჯარო ინტერესის იმ პროცესებზე მოხდა, რომელთაც პოლიტიკურ საქმეებად მიიჩნევენ.
“მედიის ადვოკატირების კოალიცია” აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები სახიფათო პრეცედენტს ქმნის და ცხადყოფს “ქართული ოცნების” მიზანმიმართულ შემზღუდველ პოლიტიკას მედიასთან.
“სასამართლო პროცესებზე მედიის დაშვების აკრძალვა არა მხოლოდ ჟურნალისტების უფლებების დარღვევაა, არამედ მთელი საზოგადოების ინფორმირებულობის უფლების ხელყოფაც. ამ ქმედებებით “ქართული ოცნება” ცდილობს მოქალაქეებს ჩამოართვას ინფორმაცია მნიშვნელოვან სასამართლო გადაწყვეტილებებზე და შეზღუდოს მათი ანგარიშვალდებულების მოთხოვნის შესაძლებლობა”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.