2024 წლის 12 დეკემბერს, ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი დააკავეს თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე. სასამართლომ მას შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
ლუკა ღვინიაშვილი მეგობრის სახლიდან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა. სადარბაზოდან გამოსულმა დაინახა დაბურულმინებიანი მანქანა, საიდანაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული აგრესიული პირები გადმოვიდნენ და მისკენ წავიდნენ. ღვინიაშვილი ამბობს, რომ ისინი ე.წ. ტიტუშკები ეგონა და გაიქცა. აღმოჩნდა, რომ ისინი შსს-ს თანამშრომლები იყვნენ, რომლებმაც ღვინიაშვილი დააკავეს.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილს ერთ კვირიანი პატიმრობა შეუფარდა. ფოტოგრაფს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან..
“შემთხვევის დროს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდათ, რომ ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები – არც მანქანა, არც უნიფორმა, არაფერი. არ უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გაეკიდნენ ლუკას. მაშინ, როდესაც წინა დღეებში ვნახეთ მედიასაშუალებებში, რომ სამოქალაქო პირები დევნიდნენ და სცემდნენ ადამიანებს, ლუკას შეეშინდა და გაიქცა, მივიდა საპატრულო პოლიციის მანქანასთან და პოლიციელებს სთხოვდა, მიშველეთო”, – თქვა ადვოკატმა ეკა კობესაშვილმა.