2025 წლის 18 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარინა ფომაევამ, გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის სამართალდამრღვევად სცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. საუბარია სტიკერზე – “იფიცება საქართველო”, რომელიც მზია ამაღლობელმა 11 იანვარს პოლიციის დამხმარე სათავსოს შენობის კედელზე გააკრა. პოლიციის თანამშრომლებმა სტიკერი გაკვრისთანავე ააძრეს.
სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელს უკვე აქვს ერთი ჯარიმა – 2025 წლის 18 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმა – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით. ამ ფაქტიდან მალევე, შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, ამავე ეპიზოდზე, ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო – შენობის იერ-სახის დამახინჯების მოტივით. ამ საქმის გადაწყვეტილება გამოცხადდა 18 ივნისს.
მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს. თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. თუმცამალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის, სილის გაწვნის ფაქტზე, უკვე სისხლის სამართლის წესით. მედიამენეჯერი ამ დრომდე პატიმრობაშია. ადგილობრივი და საერთაშორისოორგანიზაციები ამაღლობელს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. სასამართლო პროცესის დროს არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.