17-06-2025
თბილისი
საჯარო რეესტრი ტელეკომპანია “ფორმულას” საკადრო ცვლილებების რეგისტრაციას უჭიანურებს

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, საჯარო რეესტრი აჭიანურებს ტელევიზიის აღმასრულებელ რგოლში განხორციელებული საკადრო ცვლილებების რეგისტრაციას. 

როგორც „ფორმულა“ წერს, ტელეკომპანიამ საჯარო რეესტრს 2025 წლის 1 ივნისს მიმართა დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ცვლილებების დასარეგისტრირებლად. რეესტრის მოთხოვნის შესაბამისად, რეგისტრაცია დროებით შეჩერდა. 10 ივნისს, კომპანიამ რეესტრს წარუდგინა ყველა დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. გადაწყვეტილება მომდევნო სამუშაო დღეს უნდა ასახულიყო, თუმცა, მიუხედავად კანონით განსაზღვრული ვადის გასვლისა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პროცესი დღემდე არ დაუსრულებია.

“ფორმულაში” აცხადებენ, რომ ეს გაჭიანურება ორგანიზაციის საქმიანობას აფერხებს.  

ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 14 მაისს, “ფორმულას“ საერთო კრებამ ზურაბ გუმბარიძის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტელევიზიის ახალ დირექტორად ტელეკომპანიის 38.25%-იანი წილის მფლობელი მიხეილ მშვილდაძე განისაზღვრა. არხის ყოფილი დირექტორი, ზურაბ გუმბარიძე კი „ფორმულას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. საჯარო რეესტრისგან ტელეკომპნია ამ ცვლილებების რეგისტრაციას ელოდება.

Share
17-06-2025
1
სამართლებრივი დევნა | სამართლებრივი ინციდენტები
ადმინისტრაციული ორგანო
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი