03-09-2025
თბილისი
“ქართული ოცნების” წევრებმა და პოლიციამ “პუბლიკას” ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

2025 წლის 3 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ წევრმა, ყოფილმა პარლამენტარმა, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. “ქართული ოცნების” სხვა წევრებმა და მხარდამჭერებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შეაფურთხეს  ამავე გამოცემის რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილს. პოლიციამ კი,  ზაკაშვილს დაცვის ნაცვლად, მუშაობაში ხელი შეუშალა  – ხელის გადაგრეხვით გადაღება შეაწყვეტინა. 

ინციდენტები “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, საარჩევნო შტაბის გახსნისას მოხდა.  ღონისძიება საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, ჟურნალისტები ამ მოვლენების გადაღებას ცდილობდნენ. 

“პუბლიკას” მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ბექა ოდიშარია მინდია გაბაძეს შეურაცხმყოფელად მიმართავს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი მას კითხვას უსვამს.  ოდიშარია, ამავე ეპიზოდში, აგინებს და შეურაცხმყოფელად მიმართავს აქციის მონაწილეებსა და იქ მყოფ სხვა ჟურნალისტებსაც. 

ლიკა ზაკაშვილის ქართული ოცნების” მხარდამჭერების სამიზნე მას შემდეგ ხდება, როცა ცდილობს აქტივისტების მისამართით მისი შეურაცხმყოფელი ქმედებები გადაიღოს – მას ჯერ ერთი ადამიანი ხელში არტყამს და ცდილობს მობილური გააგდებინოს, შემდეგ კი მეორე უკნიდან ეპარება და აფურთხებს. “პუბლიკას“ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ამ ქცევაზე  სამართალდამცველები არ რეაგირებენ. პირიქით, მომდევნო ეპიზოდში თავად პოლიციელი ცდილობს ხელის გადაგრეხვით გადაღება შეაწყვეტინოს ლიკა ზაკაშვილს.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” განცხადებით, “ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობა მოძალადე პირებს ახალისებს და სულ უფრო მეტი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს”. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, წერტილი დაუსვას ამგვარ პრაქტიკას, პასუხისმგებლობა აიღოს და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყოს.

“მედიის ადვოკატირების კოალიცია” ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის პირველი შემთხვევა. “ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ჩვენ ვხედავთ სისტემურ ძალადობას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიღებულია რეპრესიული კანონმდებლობა. ყველა ეს ფაქტი ერთიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის და კრიტიკული ხმის ჩახშობას”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.  


UPDATE: პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე, 2025 წლის 11 სექტემბერს „პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი გამოკითხეს. პროკურატურამ საქმე ლიკა ზაკაშვილის განცხადების საფუძველზე აღძრა

Share
03-09-2025
2
გადაღების აკრძალვა | ვერბალური თავდასხმა | მუშაობაში ხელშეშლა | სიტყვიერი შეურაცხყოფა | ფიზიკური ძალადობა
პარტია "ქართული ოცნება" | სამართალდამცველი
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
თბილისი