2025 წლის 1 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა ტელეფონი წაართვა და უკან გატეხილი დაუბრუნა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი აქტივისტის, გელა ხასაიას, სასამართლო პროცესი დასრულდა. გელა ხასაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას სასამართლოში დაპირსპირება მოჰყვა. სასამართლოს მანდატურებმა დაკავებულის მეგობრებზე ფიზიკურად იძალადეს. ჟურნალისტი სწორედ ამ პროცესების გაშუქებას ცდილობდა.
მისი მონათხრობით, მას შემდეგ, რაც მანდატურმა მას ტელეფონი წაართვა, იგი 15 წუთის განმავლობაში ცდილობდა ტელეფონის დაბრუნებას. საბოლოოდ კი მანდატურმა გატეხილი ტელეფონი გადასცა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლოში მედიის წარმომადგენლები ძალადობის სამიზნეები ხდებიან. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, 30 ივნისიდან სასამართლო დარბაზებში, დერეფნებსა თუ ეზოში ფოტო/ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა აკრაძალულია. ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, მედიასაშუალებებმა გადაღების უფლებისთვის განცხადებით მიმართეს იუსტიციის საბჭოს – კანონით დადგენილ უწყებას, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არცერთს არ მიუღია.
რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამდე, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს უკანონოდ ხელი ეშლებოდათ სასამართლოს შენობაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ცვლილების შემდეგ კი მანდატურის სამსახური არაპროპორციულად, დაუსაბუთებლად ძალას იყენებს მათ შორის მედიის წინააღმდეგ რეპრესიული კანონმდებლობის აღსასრულებლად