„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, მხედველობის მდგომარეობა საგანგაშო ნიშნულზეა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება საჭირო გამოკვლევები და ამ დრომდე ვერ იღებს ექიმისგან სათანადო კონსულტაციას, რაც მხედველობის შესანარჩუნებლად და მკურნალობის დასაგეგმად აუცილებელია.
„2025 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე, მარჯვენა თვალში მისი მხედველობა იყო დაახლოებით 30% (0,3), რაც სათვალით კორეგირების შემთხვევაში შესაძლოა გაზრდილიყო 90%-მდე. ციხეში მოთავსების შემდგომ მისი მხედველობა საგანგაშოდ გაუარესდა. 2025 წლის 4 თებერვალს მარჯვენა თვალზე ჩატარებული კვლევების თანახმად, მისი მარჯვენა თვალის მხედველობის კორეგირება სათვალით შესაძლებელი იყო დაახლოებით 60%-მდე, ხოლო 2 დღეში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებით დადგინდა, რომ მზია ამაღლობელის მარჯვენა თვალში მხედველობა დავარდა 0,1-მდე (20%-ით 2 დღის ინტერვალში) და მარჯვენა თვალის მხედველობის სათვალით კორეგირება ამჯერად შესაძლებელი იყო მხოლოდ 40%-მდე, ნაცვლად ციხეში მოთავსებამდე არსებული 90%-ისა“, – წერია “საიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, 2025 წლის ივლისში ადვოკატებმა ციხის ადმინისტრაციისგან მოითხოვეს მზია ამაღლობელისთვის საჭირო გამოკვლევების ჩატარება იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებსაც მზია დაპატიმრებამდე მიმართავდა და სადაც მისი, როგორც პაციენტის ისტორია ინახებოდა. ამ მოთხოვნაზე პენიტენციური სამსახურისგან უარი მიიღეს, რის შემდეგაც ჟურნალისტის მხედველობა ციხის ადმინისტრაციის მიერ შერჩეულ კლინიკაში შემოწმდა.
„მიუხედავად სამედიცინო შეფასებებისა, რომლებიც ციხეში ყოფნის პერიოდში ცალსახად აჩვენებს მზია ამაღლობელის მხედველობის საგანგაშო გაუარესების დინამიკას, სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიუღია რაიმე ეფექტიანი ზომები ადეკვატური გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად და არც მხედველობის ამგვარი დრამატული გაუარესების მიზეზი დადგენილა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.