2025 წლის 9 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ჟურნალისტ სოფო ნიაურის წინააღმდეგ აღძრულ ცილისწამების საქმეზე. დავა ეხება “TV პირველის” ეთერში, გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ რეპორტაჟს, სადაც ჭიკაიძე ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირში დაადანაშაულეს. სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანიასა და ჟურნალისტს ალექსანდრე ჭიკაიძეზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის, 10 000 ლარის გადახდა დაავალა.
განსაკუთრებით პრობლემურია მსგავს დავაში ჟურნალისტის სათანადო მოპასუხედ მიჩნევა, რაც ეწინააღმდეგება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონს, რომლის მიხედვითაც მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებულ დავისას მოპასუხე მედიის მესაკუთრეა. მსგავსი მიდგომა ბოლო წლებში დამკვიდრებული არასწორი სასამართლო პრაქტიკის შედეგია და მედიის თავისუფლებისთვის დამაზიანებელ პრეცედენტს ქმნის.
აღნიშნული სასამართლო პრაქტიკა ვითარდება იმ ფონზე, როდესაც 26 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებებმა მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადაიტანა, გააუქმა ჟურნალისტების დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმები, მათ შორის წყაროს დაცვის გარანტიები და ე.წ. კვალიფიციური პრივილეგია და გაზარდა მედიისა და კრიტიკული ხმების მიმართ სამართლებრივი ზეწოლის რისკები.
ეს არ არის პირველი შემთხვევა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ცილისწამების საფუძველზე დაწყებული სამართალწარმოების. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო წლებში სამი წამყვანი კრიტიკული ტელეარხის – „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ 28 სარჩელი შევიდა, რომელთა უმეტესობა მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და მათთან დაახლოებული პირების მიერ არის ინიცირებული. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი საქმეები ატარებს SLAPP სამართალწარმოების ნიშნებს და მიუთითებს კრიტიკული მედიის დაშინებაზე მიმართულ კოორდინირებულ ტენდენციაზე.