23-01-2026
თბილისი
ტროტუარზე დგომისთვის ხუთი ადამიანი პატიმრობაში გაუშვეს, ორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს


2026 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, 7 მოქალაქე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნეს. მათგან ხუთს (მამაკაცებს) ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ორს კი (ქალებს) სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს:

  • სანდრო მეგრელიშვილს – 4-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
  • დიმიტრი ჯამბურიას – 4-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
  • ლუკა ნაგლიაშვილს – 5-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
  • მიხეილ ზაქარეიშვილს – 5-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე ზვიად ცეკვავა); 
  • ნუკრი კაკულიას – 4-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე მანუჩარ ცაცუა);
  • ანი ახმეტელს – სიტყვიერი შენიშვნა (მოსამართლე ზვიად ცეკვავა); 
  • ნათია ჭავჭანიძეს – სიტყვიერი შენიშვნა (მოსამართლე მანუჩარ ცაცუა).

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ედავებოდა, რომ ტროტუარზე დგომით ისინი გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ სხვა მოქალაქეებს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლეებმა ე.წ. ტროტუარის საქმეზე პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღეს. 

შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიულისაკანონმდებლო ცვლილება „ქართულმა ოცნებამ“ 2025  წლის 12 დეკემბერსმიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  პირველი აქტივისტი, რომელიც გამკაცრებული კანონის შემდეგ სასამართლოში დაიბარეს, ანი ახმეტელი იყო. მას უწყება 23 დეკემბერს მიუტანეს. ტროტუარის საქმეების პირველი  განაჩენი კი 22 იანვარს გამოცხადდა – აქტივისტი რეზი დუმბაძე მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამართალდამრღვევად სცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

Share
23-01-2026
7
კაცი: 5 ქალი: 2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა | ადმინისტრაციული სამართლის დაკავება | დაკავება | სიტყვიერი შენიშვნა
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი