2026 წლის 22 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეცენდენტი შედგა – გამოცხადდა პირველი განაჩენი ე.წ. ტროტუარის საქმეზე. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ პროევროპული აქციების მონაწილე რეზი დუმბაძე, სამართალდამრღვევად ცნო პარლამენტის მიმდებარედ ტროტუარზე დგომისთვის „ხალხის გადაადგილების დაბრკოლებაში” და იგი სიტყვიერად გააფრთხილა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რეზი დუმბაძეს ედავებოდა სამართალდარღვევას 2025 წლის 17 დეკემბერს. აქციების მონაწილეს თბილისის საქალაქო სასამართლოდან 14 იანვარს აცნობეს, რომ იბარებდნენ ტროტუარის „გადაკეტვის“ გამო.
შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება “ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 12 დეკემბერს მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.
რეზი დუმბაძე პირველი სამოქალაქო აქტივისტია, ვინც ამ საქმეზე სამართალდამრღვევად სცნეს.